არც ოლისე, არც კვარა | პაპენმა ბაიერნისა და პსჟ-ის შემტევებიდან ტოპ 3 დაასახელა
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ჟან-პიერ პაპენმა, ჩემპიონთა ლიგაზე, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებაზე ისაუბრა. პაპენს სთხოვეს, ორივე გუნდის შემტევებიდან სამი აერჩია და მის რჩეულთა შორის ვერც ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და ვერც მაიკლ ოლისე.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, პარი სენ-ჟერმენს უკეთესი შეტევა ჰყავს თუ ბაიერნს. არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, თანამედროვე სათამაშო სტილის გათვალისწინებით, პარი სენ-ჟერმენს ავირჩევდი. რატომ? ამ სტილში, ნამდვილი ცხრიანის გარეშე, მათ ჰყავთ სამი-ოთხი ფეხბურთელი, რომლებსაც გოლის გატანა შეუძლიათ და ვფიქრობ, ეს შეიძლება მნიშვნელოვანი უპირატესობა აღმოჩნდეს.
ბაიერნს ორი საოცარი გარემარბი, მაიკლ ოლისე და ლუის დიასი, და ძალიან, ძალიან კარგი ცენტრფორვარდი, ჰარი კეინი ჰყავს. თუმცა, როდესაც მეტოქე შენს ცხრიანს ანეიტრალებს, სერიოზული პრობლემები გექმნება.
როგორია ჩემი შემტევი ტრიო ამ ორივე გუნდიდან? ალბათ, იმედს გაგიცრუებთ. სათამაშოდ რომ გავდიოდე, ძირითადში ბარკოლას, კეინსა და დემბელეს დავაყენებდი. როდესაც კეინი ცხრიანის პოზიციაზე თამაშობს და გყავს ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, ის როგორ მოამარაგონ, ეს სერიოზული უპირატესობაა. ბარკოლა იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ქმნის განსხვავებას და რაც მთავარია, პასის გაკეთებაზეა ორიენტირებული. რაც შეეხება დემბელეს, ის ოქროს ბურთის გამარჯვებული და შეუცვლელი ფეხბურთელია.“
ცნობისთვის, კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 16 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა აქვს — ზუსტად იმდენი, რამდენიც დემბელეს. რაც შეეხება ოლისეს, მას 18 გოლი აქვს გატანილი და 29 საგოლე გადაცემა შესრულებული.