„ნამდვილი მეომარია“ | ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ესპანელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისნაირი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ძალიან სასიამოვნოა.
„მინდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე გკითხოთ, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მას კიდევ მოუმატოს?“, — ჰკითხა ენრიკეს TNT Sports Brasil-ის ჟურნალისტმა.
„ხვიჩა კვარაცხელია ბრაზილიელი ფეხბურთელი არ არის. ბრაზილიელი არაა, თუმცა შეიძლება, ეროვნება შეიცვალოს“, — იხუმრა ესპანელმა სპეციალისტმა, შემდეგ კი განაცხადა: „კვარა განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია. როდესაც გავიფორმეთ, მისი ხარისხის შესახებ ყველაფერი ვიცოდით. საუბარი მაქვს არა მხოლოდ ტექნიკურ და ფიზიკურ ხარისხზე, არამედ მის ხასიათზეც. ის ნამდვილი მეომარია. როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე ძალიან პოზიტიურ ენერგიას ასხივებს. ასეთი ტიპის ფეხბურთელის ყოლა მწვრთნელისთვის ძალიან პოზიტიურია. და ის ბრაზილიელი არ არის, ქართველია!“
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 16 გოლი აქვს გატანილი, რაც უსმან დემბელესთან ერთად პსჟ-ში საუკეთესო შედეგია. „კვარა“ და დემბელე პირველ ადგილს იყოფენ საგოლე მოქმედებების მხრივაც. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას „ანჟერს“ დაუპირისპირდება.