შესაძლოა ამ სეზონში ვეღარ ითამაშოს - ბოლო ცნობები დავითაშვილზე
„სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი გუნდს ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დარჩენილ მატჩებში ვეღარ დაეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ Geo Team-ი ავრცელებს.
გასულ ტურში, „ტრუასთან“ მატჩის მე-16 წუთზე ზურიკომ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. როგორც ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, ქართველ ფეხბურთელს კოჭის ტრავმა აქვს მიღებული და ამის გამო 2 კვირა გაუცდება. ზურიკოს გარეშე „სენტ-ეტიენი“ მიმდინარე კვირის ბოლოს „როდეზს“ ესტუმრება, 9 მაისს კი „ამიენს“ მიიღებს.
ბოლო 2 მატჩში განცდილი ორი მარცხის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ მესამე ადგილზე დაქვეითდა (57 ქულა). პირველ ადგილზე 64 ქულით „ტრუაა“, მეორეზე კი 58 ქულით „ლე მანი“. ლიგა 1-ის პირდაპირ საგზურს ლიგა 2-იდან მხოლოდ ორი საუკეთესო გუნდი იღებს, კიდევ 3 გუნდი კი პლეიოფში ითამაშებს.
შესაბამისად, თუ ზურიკოს გუნდმა დარჩენილ ორ მატჩში „ლე მანს“ ვერ გადაასწრო და პლეოფის საგზურს დასჯერდა, ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში თამაშის შესაძლებლობა კიდევ მიეცემა.
აქვე გეტყვით, რომ ზურიკოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 13 გოლი და 4 საგოლე პასია.