ვინ ჩაიბარებს ჩელსის — კანდიდატთა სამეული ცნობილია
მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსო, „ჩელსის“ იმ კანდიდატთა სიაშია, რომლებმაც შესაძლოა გათავისუფლებული ლიამ როსენიორი შეცვალონ.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ალონსო, ანდონი ირაოლა (რომელიც სეზონის ბოლოს „ბორნმუთს“ ტოვებს) და მარკუ სილვა („ფულჰემი“) არიან ის სპეციალისტები, რომლებსაც „ლურჯები“ პრიორიტეტული კანდიდატის ძიებისას განიხილავენ.
ახალი მწვრთნელის ძიების პროცესი ადრეულ ეტაპზეა. ამჟამად მყარდება კონტაქტები აგენტებთან, რათა გაირკვეს ალონსოს, ირაოლასა და სილვას სამომავლო გეგმები.
გამოცემის ცნობით, ეს ლონდონელებს დაეხმარება გადაწყვიტონ, გადავიდნენ თუ არა მოლაპარაკებების უფრო სერიოზულ ფაზაზე. საინტერესოა, რომ ანდონი ირაოლასა და ჩაბი ალონსოს ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ.
როსენიორის გათავისუფლების შემდეგ „ჩელსი“ სტრატეგიის შეცვლას აპირებს: კლუბს სურს პოსტზე ისეთი მწვრთნელი დანიშნოს, რომელსაც უმაღლეს დონეზე მუშაობის სოლიდური გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის როსენიორი, „არისტოკრატებს“ ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ გაუძღვა. მისი ხელმძღვანელობით, „ჩელსიმ“ 11 მატჩი მოიგო, 10 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.