რამაზ სვანაძე
Aa
Aa

“უკეთესები ვიყავით“ - სვანაძე უკრაინასთან მატჩის შემდეგ

მიმდინარე ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჯვაროსნების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სვანაძე:

„რაც შეეხება მატჩს, რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას გვინდოდა, თუმცა მხოლოდ ქულას დავჯერდით. პირველი ტაიმი ხარისხობრივად კარგი იყო. სამწუხაროდ, მეორე ნახევარში დაღლა დაგვეტყო. სხვა მხრივ, ბევრი პოზიტივი იყო. ერთი ვარჯიშით და რამდენიმე თეორიული საუბრით მოხერხდა ის, რომ დღეს ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. გამოვყოფ დაცვის ხაზს, ძალიან კმაყოფილი ვარ. უკრაინის დონის გუნდთან თამაში მარტივი არ არის. გამოჩნდა, რომ სამუშაო კიდევ ბევრია. მიხარია, რომ უკრაინა დღეს ჩვენს საჯარიმოს ხშირად ვერ უახლოვდებოდა. დიდი რესურსი გვაქვს და დროის გასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები გაცილებით უკეთესი გახდება.

საერთო ჯამში უკეთესები ვიყავით. რა თქმა უნდა, გარისკვაც შეიძლებოდა, მაგრამ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში დაღლილობა. დღეს პოზიტივი გვჭირდებოდა. მაინც ვთვლი, რომ დღევანდელი დღე ნორმალურად დასრულდა. შემდეგ მატჩებში უფრო მეტად პოზიტიური შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით.

რაც შეეხება კვერნაძის გამოყვანას და არა ბუდუ ზივზივაძის, ჩემი სურვილი მეტოქის ნახევარზე სწრაფად გადასვლა იყო და არა პოზიციური შეტევა. სწორედ ამიტომ გამოვიყვანე კვერნაძე. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი ჩვენ გვექნებოდა, რა თქმა უნდა, ბუდუს შევიყვანდი.

წლებია საქართველოს ნაკრები ამ სისტემით თამაშობს და ამის შეცვლა ასე სწრაფად არ შეიძლებოდა. ძირეულ ცვლილებებს ბევრი დრო სჭირდება. ყველა გუნდს ჰყავს ისეთი რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია. ასეთები, რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავს. რესურსი არის და ამას აუცილებლად გამოვიყენებთ."

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი რამაზ სვანაძისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო, რომელიც სამწუხაროდ გამარჯვებით არ დასრულდა.

ჯვაროსნები შემდეგი ტურის მატჩს 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთის წინააღდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები