მეკარემ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სახეში მუშტი მოარტყა | ჩხუბი არაგონულ დერბიში
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურში არაგონული დერბი გაიმართა. „უესკა“ საშინაო მოედანზე „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვა. ეს მატჩი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა, რაც ბოლო წუთებზე განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული.
„უესკას“ ფეხბურთელმა, ხორხე პულიდომ, „სარაგოსას“ მეკარეს, ესტებან ანდრადას, რაღაც უთხრა, რის შემდეგაც არგენტინელმა გოლკიპერმა მას ხელი ჰკრა. ანდრადამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. როგორც ჩანს, ამ მომენტში პულიდომ მას კიდევ რაღაც მიაძახა, რის გამოც მეკარე პირდაპირ მისკენ გაიქცა და სახეში მუშტი მოარტყა, რასაც გუნდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მატჩის დასრულების შემდეგ ანდრადამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა: „სიმართლე ისაა, რომ მომხდარის გამო ძალიან, ძალიან, ძალიან ვწუხვარ. ეს ფაქტი კარგ იმიჯს არ უქმნის არც კლუბს, არც გულშემატკივრებს და განსაკუთრებით, არც მე. ძალიან ვწუხვარ. მინდა, ხორხე პულიდოს ბოდიში მოვუხადო. ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. იმ მომენტში კონცენტრაცია დავკარგე და მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის, რომელსაც ლიგა დამიწესებს.“
მომხდართან დაკავშირებით „სარაგოსამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ინციდენტი კატეგორიულად დაგმო. კლუბის თქმით, ეს დასანანი შემთხვევა არასდროს უნდა განმეორდეს. „სარაგოსას“ მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ ნავარომ, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არსებობს საზღვარი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება.
სხვათა შორის, ესპანური პრესის ცნობით, ანდრადას სერიოზულ სასჯელს შეუფარდებენ და საუბარი 12-მატჩიან დისკვალიფიკაციაზე მიდის. არსებობს შანსი, მას ფეხბურთის თამაში ერთი წლით აუკრძალონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა.