მიქაუტაძე სუპერგოლთან ახლოს - ვილიარეალმა სელტას მოუგო
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 32-ე ტურში „ვილიარეალმა“ საკუთარ სტადიონზე „სელტა“ 2:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლების მოპოვებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. „ყვითელმა სუბმარინამ“ უშუალო კონკურენტის, „ატლეტიკოს“ „ელჩესთან“ მოულოდნელი მარცხი კარგად გამოიყენა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ მადრიდელებთან ქულათა სხვაობა ხუთამდე გაზარდა.
გიორგი მიქაუტაძე ვალენსიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე მარსელინო გარსია ტორალმა აიოსე პერესით შეცვალა. ქართველი ფორვარდი განსაკუთრებით აქტიური არ ყოფილა და არც გატანილ გოლებში მიუღია მონაწილეობა, თუმცა დასამახსოვრებელი მომენტები მაინც ჰქონდა. პირველი ტაიმის ბოლოს ის სუპერგოლთან ახლოს იყო, როდესაც მეკარის წინ გამოსვლით უნდოდა ესარგებლა, თუმცა მისი დარტყმა მცირედით უზუსტო აღმოჩნდა. მეორე ტაიმში კი ნიკოლას პეპეს გადაცემით შეეძლო გატანა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.
ცნობისათვის, 33 ტურში დაგროვებული 65 ქულით „ვილიარეალი“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. შემდეგ ტურში „ყვითელ სუბმარინას“ დერბი ელის - 2 მაისს, მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები „ლევანტეს“ უმასპინძლებენ და მატჩი თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.