შენგელიას 9 ქულა | ბარსელონამ ტენერიფეს მეორე თამაშიც მოუგო
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე რაუნდში „ბარსელონა“ „ტენერიფეს“ ხვდება. თორნიკე შენგელიას გუნდს საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სერიის მეორე მატჩშიც დაამარცხა.
„შერმინატორი“ ტრავმის გამო ვერ თამაშობს და მის არყოფნაში „ტენერიფემ“ შეხვედრა კარგად დაიწყო — პირველი მეოთხედი 27:25 მოიგო. „ბარსელონამ“ მეორე პერიოდი მაღალ დონეზე ჩაატარა, 23:11 იმარჯვა და შესვენების წინ 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა — 48:38. „ტენერიფე“ ბევრს ეცადა, მაგრამ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და „ბლაუგრანამ“ 97:89 მოიგო.
შენგელიამ პარკეტზე 22 წუთი და 24 წამი გაატარა. თორნიკეს 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი გააფუჭა და 3-დან 3 საჯარიმო სროლა გამოიყენა.
ცნობისთვის, „ბარსელონა“ სერიას 2:0-ს იგებს და შეეძლება, მესამე შეხვედრაში მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვოს. „ტენერიფესა“ და „ბლაუგრანას“ მესამე თამაში 13 ივნისს გაიმართება.