მამუკელაშვილი თავისუფალი აგენტი გახდება | რას აპირებს ქართველი კალათბურთელი
სანდრო მამუკელაშვილის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ქართველ კალათბურთელს ხელშეკრულება „ტორონტო რეპტორსთან“ აკავშირებს. მას შეუძლია, მოთამაშის ოპცია გამოიყენოს, კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივოს და 2026-2027 წლების სეზონიც კანადელთა რიგებში გაატაროს.
2025-2026 წლების სეზონში „მამუს“ ანაზღაურება 2.46 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ. თუ „ტორონტოში“ იმავე ხელშეკრულებით დარჩენა გადაწყვიტა, მისი ანაზღაურება 2.8 მილიონამდე გაიზრდება.
ცნობილი ჟურნალისტის, მაიკლ სკოტოს, ინფორმაციით, მამუკელაშვილი არ აპირებს, კონტრაქტში ჩადებული ოპცია გამოიყენოს. სანდრო გეგმავს, შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს და შეთავაზებებს დაელოდოს. ქართველი კალათბურთელის გაფორმება „ტორონტოსაც“ შეეძლება, მაგრამ „რეპტორსს“ ფუფუნების გადასახადთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები აქვს გასათვალისწინებელი.
სკოტოს მიხედვით, სანდრო გაუმჯობესებულ ხელფასს მოითხოვს და „ტორონტოსთვის“ მისი შენარჩუნება მარტივი არ იქნება. რეგულარულ სეზონში სანდრო მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 თამაში, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა, 0.5 ბლოკი.