„არანაირ თანხას არ დავიშურებდი“ | მერფიმ ლივერპულს კვარას ტრანსფერი ურჩია
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ, „Sports Mole“-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და დაასახელა გარემარბი, რომელიც „ლივერპულს“ იდეალურად მოერგებოდა და მოჰამედ სალაჰს შეცვლიდა. მერფის მიხედვით, „წითლებმა“ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ხვიჩა კვარაცხელია გაიფორმონ.
„იან დიომანდეს შეუძლია, მოჰამედ სალაჰის მემკვიდრე გახდეს. დინამიკური სტილი აქვს, ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია, გოლები გააქვს და ფიზიკურად ბრწყინვალე ფორმაშია. რაც ვნახე, საოცარი ტალანტი ჩანს და ნამდვილად შეუძლია, სალაჰი ღირსეულად შეცვალოს.
თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ იდეალური შემცვლელია, რადგან საამისოდ გჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს და დიდი მატჩების წნეხი მასზე არ მოქმედებს. ეს ფაქტორები მას საშუალებას მისცემს, გუნდში მოსვლისთანავე შედეგი დადოს.
„ლივერპულის“ ხელმძღვანელი რომ ვიყო, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ არანაირ თანხას არ დავიშურებდი. მას მარჯვენა ფლანგზე ისევე კომფორტულად შეუძლია თამაში, როგორც მარცხენაზე და ამჟამად, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესო გარემარბია. როდესაც მოთამაშე გარკვეული დროის განმავლობაში პსჟ-ში თამაშობს და ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვს მოგებული, პრემიერ ლიგაში თამაშის გამოწვევა მისთვის შეიძლება ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდეს. მისი გადმოსვლის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ „ლივერპულის“ კარი რომ შემოაღოს, მასთან დაკავშირებული რისკები ნულის ტოლფასი იქნება, მაშინ როცა ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორიც დიომანდეა, ადაპტაციისთვის შეიძლება დრო დასჭირდეთ“.
ცნობისთვის, მერფის კვარაცხელიაზე წარსულშიც უსაუბრია და ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ განაცხადა, რომ „კვარა“ მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. ინგლისელმა ხვიჩას საფეხბურთო ინტელექტი და ფიზიკური კონდიციები შეაქო.