3 ფეხბურთელი კრუნჩხვაში, ატმოსფერომ მათზე იმოქმედა| მექსიკის მწვრთნელის კომენტარი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მუნდიალის გახსნით მატჩში მექსიკამ მეხიკოში, „აცტეკაზე“ სამხრეთ აფრიკა 2:0 დაამარცხა. „ელ ტრიმ“ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, მე-9 წუთზე ერიკ ლირას საგოლე პასით ხულიან კინიონესმა ანგარიში გახსნა, მეორე გოლი 67-ე წუთზე რობერტო ალვარადოს პასით რაულ ხიმენესმა გაიტანა (ვრცლად ამ მატჩის შესახებ).
მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ხავიერ აგირე კმაყოფილი არაა.
"თამაშის ხარისხი არ მომეწონა. ცუდი არ არის მსოფლიო ჩემპიონატის მარჯვენა ფეხით დაწყება. პირველ ტაიმში მეორე გოლი დაგვაკლდა, როცა ბურთი ძელს მოხვდა, მეორე ტაიმში, მეორე გოლის შემდეგ მოვდუნდით და ახალი მოთამაშეების შემოსვლის მიუხედავად კიდევ ერთი გოლი ვერ გავიტანეთ.
ეს ბრუტალური ატმოსფეროა. გაიძულებს ცოტათი ფეხები აგიკანკალდეს. ბაზიდან აქ მოდიხარ, ხედავ რომ ხალხი, მთელი ერი ქუჩაშია და ეს მოთამაშეს ეუბნება: 'ოჰ, ჯანდაბა'. ამ გარემოს დანახვა დიდ გავლენას ახდენს და სწორედ ამას ვაბრალებ.
გასულ 25 მატჩში არცერთი კრუნჩხვა (კუნთების სპაზმი) არ გვქონია, დღეს კი ეს სამ მოთამაშეს დაემართა. ეს ძალიან მძლავრი ემოციური მდგომარეობაა. იქ დგომა, ზევით ყურება, მარტივ პასებში შეცდომის დაშვება იმაზე მეტყველებს, რომ ატმოსფერომ მათზე (თუმცა არა ყველაზე) ცოტათი იმოქმედა'' - განუცხადა აგირემ TV Azteca-ს.
აგირემ ასევე ისაუბრა რაულ ხიმენესზე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი გოლი გაიტანა და ეს წარმატება მიუძღვნა მამას, რომელიც მიმდინარე წელს გარდაიცვალა.
აგირე ხიმენესზე: "კარგი ბიჭია ახალი ენერგიით. ამბობს, რომ ეს მისი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება."
ეს იყო მერვე შემთხვევა, როდესაც მექსიკამ მსოფლიო ჩემპიონატი გახსნა და ისტორიაში პირველად მოიპოვა სამი ქულა, წინა ორი ფრისა და შვიდი მარცხის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფრე 2010 წელს, სწორედ სამხრეთაფრიკელებთან დაფიქსირდა (1:1).