სამი წითელი ბარათი, ორი გოლი და მექსიკის გამარჯვება | მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მუნდიალის გახსნითი მატჩი მეხიკოში მდებარე „ესტადიო აცტეკაზე“ გაიმართა, სადაც ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი, მექსიკის ნაკრები, სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდა. „ელ ტრიმ“ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და 2:0 მოიგო.
შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მექსიკამ შექმნა. მე-5 წუთზე რაულ ხიმენესმა ზუსტად დაარტყა, თუმცა „ბაფანა ბაფანას“ მეკარე, რონუენ უილიამსი, ბურთს ადგილზე დახვდა. 2026 წლის მუნდიალის პირველი გოლი მატჩის მე-9 წუთზე გავიდა. ხულიან კინიონესმა ერიკ ლირას პასით ისარგებლა და მექსიკა დააწინაურა.
კინიონესი პირველი ფეხბურთელია CONCACAF-ის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის) წევრი ნაკრებიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლის გატანა მოახერხა. კინიონესის გოლი გახსნით შეხვედრაში გატანილი ყველაზე სწრაფი გოლია 2006 წელს ფილიპ ლამის მიერ კოსტა-რიკასთან (მე-6 წუთი) შეგდებული ბურთის შემდეგ.
პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკას მომენტი პრაქტიკულად არ ჰქონია და მეტოქის კარისკენ მხოლოდ ორჯერ დაარტყა. მეორე ნახევარში „ბაფანა ბაფანას“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 49-ე წუთზე იაია სითჰოლემ ბოლო იმედის ჯარიმა აიღო და მას წითელი ბარათი უჩვენეს.
67-ე წუთზე მექსიკელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. რობერტო ალვარადოს ჩაწოდების შემდეგ რაულ ხიმენესმა თავით კარგად ითამაშა და ანგარიში 2:0 გახადა. ხიმენესმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი ბურთი შეაგდო. 84-ე წუთზე სამხრეთ აფრიკას მეორე წითელი ბარათი უჩვენეს. ცვლილებაზე შესულმა თემბა ზვანემ მეტოქეს სახეში მუშტი ჩაარტყა და ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, მესამე წითელი ბარათი ვიხილეთ. სესარ მონტესმა სამხრეთ აფრიკელთა სწრაფი შეტევა ჩაშალა და მოედნიდან გააძევეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მექსიკამ 2:0 მოიგო. „ელ ტრი“ მომდევნო შეხვედრას სამხრეთ კორეასთან გამართავს, ხოლო სამხრეთ აფრიკა ჩეხეთს დაუპირისპირდება.