„მუნდიალზე მისი არყოფნა დიდ სიცარიელეს დატოვებს“ - ესპანური გამოცემა კვარაზე
რამდენიმე საათში, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ისტორიაში პირველად, 48 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს.
ტურნირის დაწყებამდე, ცნობილი ესპანური გამოცემა, El Mundo იმ ვარსკვლავების შესახებ წერს, რომლებიც მუნდიალზე ვერ იასპარეზებენ და ბუნებრივია, გამოცემის ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელიაც მოექცა. ამ ფეხბურთელების სიას სწორედ ქართველი შემტევი ხსნის.
რას წერს El Mundo კვარაზე:
„ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ერთხმად აღიარეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის თვალის დევნება სახლიდან მოუწევს. ეს რთულად მისაღები სიტუაციაა პსჟ-ის გარემარბისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების სისუსტის გამო დაიჩაგრა — გუნდმა შესარჩევ ეტაპზე ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ისევე, როგორც 1998 წელს რომარიოს ან 2022 წელს კარიმ ბენზემას შემთხვევაში მოხდა, „კვარას“ არყოფნა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ სიცარიელეს დატოვებს. გარდა ამისა, ტურნირს მიღმა დარჩენილი სხვა ფეხბურთელებით შესაძლებელია შემდეგი იდეალური გუნდის შედგენა.“
შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქართველმა ვარსკვლავმა პსჟ-სთან ერთად ზედიზედ მეორედ შეძლო ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება.