ალფონსო დევისი
Aa
Aa

გარისკვა არ უნდათ - ალფონსო დევისი ბოსნიასთან მატჩს გამოტოვებს

კანადის ნაკრების კაპიტანი და მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველი ალფონსო დევისი, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს გამოტოვებს.

ინფორმაცია კანადის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯესი მარშმა ბოსნიასთან შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

დეივისის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ იდგა, რაც 6 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენთან მატჩში ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა.

„გუშინ ალფონსოს MRI ჩავუტარეთ. შედეგები ძალიან პოზიტიურია. გამოჯანმრთელება თითქმის დასრულებულია და ახლა დატვირთვის ეტაპობრივად გაზრდას ვგეგმავთ. პირველ მატჩში გარისკვა არ გვინდა და ვფიქრობ, რომ არ ითამაშებს. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებდა მსგავსი ტრავმების შემდეგ დაბრუნებას,“ — განაცხადა მარშმა.

ჯვარედინი იოგების ძველი ტრავმის, სხვა დაზიანებებისა და გადაღლილობის გამო, დევისმა კანადის ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ ორში ითამაშა.

მისი რეაბილიტაცია ინდივიდუალური გეგმით მიმდინარეობს. კანადის ბანაკში ჩასვლის შემდეგ ის ძირითადად დამოუკიდებელ ფიზიოთერაპევტთან ერთად ვარჯიშობს.

„მისი პირადი ფიზიოთერაპევტის აქ ყოფნა ძალიან დაგვეხმარა. იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში პროგრესს კიდევ უფრო დავაჩქარებთ და მალე თამაშშიც დაგვეხმარება,“ — აღნიშნა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ბოსნიისა და კანადის დაპირისპირება 12 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები