“წუნია“ ფლიკი - დაწუნებული ცენტრალური მცველები და ნდობა ხერარდ მარტინს
„ბარსელონა“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ცენტრალური მცველის დამატებას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწია. კატალონიურმა კლუბმა მცველების რამდენიმე კანდიდატურა გაზაფხულსა და ზაფხულში შეისწავლა. ტრანსფერი იმიტომ არ განხორციელდა, რომ ყველაზე დამაჯერებელი ვარიანტის გაფორმება ვერ მოხერხდა, დანარჩენმა კანდიდატებმა კი სამწვრთნელო შტაბისა და სპორტული დეპარტამენტისგან საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს. ერთი რამ ცხადი იყო — კლუბი ჰანსი ფლიკს ისეთ ფეხბურთელს არ მოუყვანდა, რომელშიც თავად მწვრთნელი დარწმუნებული არ იქნებოდა.
გერმანელ სპეციალისტს მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველი სურდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში განაპირა მცველის პოზიციაზეც შეეძლებოდა თამაში. სპორტულმა დეპარტამენტმა შესაბამისი კანდიდატების შესახებ რამდენიმე ანგარიში მოამზადა. ყველაზე სრულყოფილ ვარიანტად, რომელიც თავად ფლიკსაც მოსწონდა, იოშკო გვარდიოლი მიიჩნეოდა. 24 წლის ხორვატი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელია და როგორც ცენტრალური, ისე განაპირა მცველის პოზიციაზე წარმატებით თამაშობს. თუმცა, გარკვეული მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ მისი დამატება შეუძლებელი იყო, რადგან თავად ფეხბურთელს მანჩესტერში დარჩენა სურდა. საბოლოოდ, მან კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც სასურველ პროფილს შეესაბამებოდა და კანდიდატთა სიაში მაღალ პოზიციას იკავებდა, მილანის „ინტერის“ 27 წლის მცველი ალესანდრო ბასტონი იყო. თუმცა ფლიკი მის კანდიდატურაში ბოლომდე დარწმუნებული არ ყოფილა. მეტიც, გერმანელ სპეციალისტზე უფრო დიდი შთაბეჭდილება ხერარდ მარტინმა მოახდინა — ფეხბურთელმა, რომელიც თავად ფლიკმა განაპირა მცველიდან ცენტრალურ მცველად გადააკეთა.
ამასობაში, გასული სეზონის ბოლოს მწვრთნელმა ანდრეას კრისტენსენის კონტრაქტის გახანგრძლივება მოითხოვა. კლუბი ამ წინადადებას დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ დანიელს ტრავმების ისტორია ჰქონდა. ფლიკი მის ტექნიკურ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას დიდად აფასებს. თავად ფეხბურთელიც ხელფასის შემცირებას დათანხმდა და გუნდთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ივნისში, ჟორჟე მენდეშის შეთავაზების შემდეგ, „ბარსელონამ“ „რასინგ სანტანდერის“ 19 წლის მცველის, ხორხე სალინასის დამატების შესაძლებლობაც განიხილა. კატალონიური კლუბი მის სანაცვლოდ დაახლოებით 5-6 მილიონი ევროს გადახდას აპირებდა, თუმცა „რასინგ სანტანდერმა“ განაცხადა, რომ კონტრაქტში უკვე არსებობდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც გუნდის პირველ დივიზიონში დაწინაურების შემთხვევაში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 16 მილიონ ევრომდე გაიზრდებოდა. „ბარსელონამ“ ამ თანხის გადახდის საკითხიც კი არ განიხილა, რადგან სალინასს პერსპექტიულ, თუმცა ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფ ფეხბურთელად მიიჩნევდა.
ამ პერიოდში რონალდ არაუხო მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა იმ იმედით, რომ კლუბში დარჩებოდა. მას უკვე გადალახული ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელთა გამოც რამდენიმე თვის განმავლობაში ფეხბურთს ჩამოშორებული იყო. გამოჯანმრთელების შემდეგ ფლიკი მას ცენტრალური მცველის პოზიციაზე ხშირად აღარ ათამაშებდა, თუმცა განაპირა მცველად და თავდამსხმელადაც კი იყენებდა. მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მწვრთნელს მისთვის არ უთქვამს, რომ მომავალ გეგმებში აღარ მოიაზრებდა. თუმცა სპორტულ დეპარტამენტში ეჭვობდნენ, რომ ადრე თუ გვიან ფლიკი ურუგვაელს ამის შესახებ აცნობებდა. ასეც მოხდა.
ცენტრალური მცველის ძიების პროცესში ზაფხულში „ბარსელონას“ არაერთი ფეხბურთელის სახელი დაუკავშირეს. მათ შორის იყვნენ დორტმუნდის „ბორუსიის“ 26 წლის მცველი ნიკო შლოტერბეკი, რომელსაც ფლიკი კარგად იცნობდა; „ლივერპულის“ 27 წლის ფეხბურთელი იბრაჰიმა კონატე, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურებოდა; „ბორნმუთის“ 29 წლის მცველი მარკოს სენესი, რომელსაც ახალ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა და „ტოტენჰემის“ 25 წლის ნიდერლანდელი მცველი მიკი ვან დე ვენი.
თუმცა არცერთ მათგანთან სერიოზული მოლაპარაკება არ გამართულა. შლოტერბეკი და ვან დე ვენი პრიორიტეტულ კანდიდატებად არ მიიჩნეოდნენ, კონატე და სენესი კი მოთხოვნილ პროფილს სრულად ვერ აკმაყოფილებდნენ. რამდენიმე თვით ადრე „ბარსელონამ“ მარკ გეჰის კანდიდატურაც გამორიცხა, რომელიც საბოლოოდ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა.
ივლისის ბოლოს გვარდიოლმა „სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, ფლიკმა კი ბასტონის კანდიდატურაზე უარი თქვა, რადგან იტალიელი მისთვის სასურველზე სწრაფ ფეხბურთელად არ მიაჩნდა. „ბარსელონაში“ ეჭვობდნენ კიდეც, რომ ბასტონი საბოლოოდ შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადასულიყო, თუმცა კლუბს მწვრთნელზე ზეწოლა არ სურდა: თუ ფლიკი „ინტერის“ ფეხბურთელში დარწმუნებული არ იყო, საკითხი დახურული იყო.
აგვისტოში, როდესაც ცენტრალური მცველი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ დამატებული, არაუხოს წასვლის საკითხი მას შემდეგ დაჩქარდა, რაც ფლიკმა მას „სენტ ჯორჯს პარკში“ გამართულ წინასასეზონო შეკრებაზე აცნობა, რომ სათამაშო დრო ძალიან შეზღუდული ექნებოდა. მწვრთნელის გეგმებში ურუგვაელი პაუ კუბარსის, ხერარდ მარტინისა და კრისტენსენის შემდეგ მოდიოდა. არაუხოს „ლივერპულში“ იჯარით გადასვლა შესთავაზეს და ფეხბურთელი ამ ვარიანტს მაშინვე დათანხმდა.
ივლისში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, „ბარსელონას“ აემერიკ ლაპორტის კანდიდატურაც შესთავაზეს. 32 წლის მცველი „ატლეტიკ ბილბაოს“ ღირსებას იცავდა და ტურნირზე ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. თუმცა კატალონიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში ფეხბურთელის შეფასების მთავარ კრიტერიუმად არ სურდათ გამოეყენებინათ, რადგან ტურნირი ხანმოკლეა. ამასთანავე, არსებობდა ეჭვი, რომ „ატლეტიკი“, რომელთანაც ლაპორტს კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, მას „ბარსელონაში“ ნებისმიერ ფასად არ გაუშვებდა.
აგვისტოში განიხილებოდა კრისტიან „კუტი“ რომეროს კანდიდატურაც. 28 წლის არგენტინელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე შესანიშნავად ითამაშა, თუმცა მარცხენა ფეხით არ თამაშობდა და ფლიკი მისი დამატებითაც ბოლომდე მოხიბლული არ ყოფილა.
გორდონის, ადეიემის, ბისიუუსა და კანსელუს დამატებისა და როდრის ტრანსფერის შემდეგ, ასევე თავდამსხმელის საჭიროების გათვალისწინებით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ცენტრალური მცველისთვის დიდი თანხა აღარ რჩებოდა. თავდაპირველ სამიზნედ ხულიან ალვარესი მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოოდ კლუბმა გაბრიელ ჟესუსი დაიმატა.
პინი ზაჰავიმ „ბარსელონას“ „რედ ბულ ლაიფციგის“ 23 წლის მცველის, კასტელო ლუკებას, კანდიდატურაც შესთავაზა, თუმცა ამ მოლაპარაკებას გაგრძელება არ მოჰყოლია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფლიკმა და კლუბმა ხერარდ მარტინს უპირობო ნდობა გამოუცხადა. ჯერჯერობით ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედებს ვერ ამართლებს და წლის მთავარი მატჩის, ელ კლასიკოს წაგება, მეტწილად მის სინდისზეა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს