ვილიარეალი, მეცი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

Transfermarkt | მიქაუტაძის და წიტაიშვილი სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება ზრდას განაგრძობს. ავტორიტეტული საფეხბურთო პლატფორმის, Transfermarkt განახლებული მონაცემებით, ფასები გაეზარდათ გიორგი მიქაუტაძეს და გიორგი წიტაიშვილს, რამაც საქართველოს ნაკრების საერთო ღირებულებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

მიქაუტაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, ადრე 28 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სატრანსფერო ფასის მატება შეეხო გიორგი წიტაიშვილსაც. მეცში იჯარით მოთამაშე ქართველმა გარემარბმა სეზონის განმავლობაში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. სტაბილური თამაშის შედეგად მისი ღირებულება 2.5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ფეხბურთელების ინდივიდუალურმა პროგრესმა საქართველოს ნაკრების საერთო საბაზრო ღირებულებაც რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა. Transfermarkt-ის მონაცემებით, „ჯვაროსნების“ შემადგენლობა ამჟამად 258.10 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ეროვნულ გუნდებს შორის 27-ე პოზიციას იკავებს, რაც ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის პროგრესის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვნად გაიზარდა ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულებაც. პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 90 მილიონი ევროდან 140 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რის შედეგადაც ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელადაც იქცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები