სენტ-ეტიენი, ბენფიკა, ბენფიკა
Aa
Aa

ფრანგული მედია: ბენფიკამ სენტ-ეტიენს ზურიკოს თაობაზე მიმართა

ფრანგული გამოცემა But Football Club იუწყება, რომ ზურიკო დავითაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სენტ-ეტიენს დატოვებს.

წყაროს ნცობით, ქართველი ფეხბურთელის მიმართინტერესი ევროპის რამდენიმე კლუბს აქვს. მის პოტენციურ მსურველებად რენი, ბენფიკა, ჰოფენჰაიმი, ბეშიქთაში, ფენერბაჰჩე და პანათინაიკოსი სახელდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება, ფრანგული მედიის ცნობით, ერთ-ერთმა კლუბმა უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია ლისაბონის „ბენფიკაზე“, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აქტიურად აკვირდება.

პორტუგალიელი ჟურნალისტის, ლუის პინტო კოელიოს ინფორმაციით, ბენფიკა მხოლოდ ინტერესით არ შემოიფარგლა და „სენტ-ეტიენთან“ ტრანსფერის დეტალებზე მოლაპარაკებებიც დაიწყო.

დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავტორიტეტული პორტალი Transfermarkt ქართველ ფეხბურთელს 12 მილიონ ევროდ აფასებს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება იმ თანხას, რომელიც „სენტ-ეტიენმა“ მის სანაცვლოდ 2024 წლის ზაფხულში გადაიხადა. შესაბამისად, ფრანგულ კლუბს მისი გაყიდვით სოლიდური ფინანსური სარგებლის მიღება შეუძლია.

ზურიკომ მიმდინარე სეზონში შესანიშნავად იასპარეზა. ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში მან 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ კი ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მისი პროგრესისა და სტაბილური თამაშის კიდევ ერთი აღიარება გახდა.

დავითაშვილის წარმატებული სეზონის ფონზე, მისი ტრანსფერი ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მოვლენად შეიძლება იქცეს, ხოლო „ბენფიკა“ ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურ კანდიდატად სახელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები