გოგლიჩიძის სრული მატჩი | მონცამ სამი გოლი გაუშვა და ტორინოსთან წააგო
იტალიის სერია A-ს მერვე ტურში საბა გოგლიჩიძის „მონცა“ ტურინს ესტუმრა და „ტორინოს“ დაუპირისპირდა. „ბიანკოროსის“ დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა — „მონცამ“ სამი გოლი გაუშვა და 2:3 დამარცხდა.
გოგლიჩიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. საბას შეცდომა გოლის არცერთ ეპიზოდში არ დაუშვია, რასაც მის თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვით. „ტორინომ“ ანგარიში მას შემდეგ გახსნა, რაც მანგა ფოე ონდოამ ცუდი პასი გააკეთა და „გრანატას“ ბრწყინვალე შეტევის განვითარების საშუალება მისცა.
„ტორინოს“ მეორე ბურთი რაფიკ ბელგალიმ მიითვალა, რომელმაც „მონცას“ კარი შორეული დარტყმით აიღო, მესამე გოლი კი „ბიანკოროსის“ მოთამაშეების კიდევ ერთ შეცდომას მოჰყვა, რომლის შემდეგაც „ტორომ“ საგოლე იერიში წამოიწყო.
გოგლიჩიძის სტატისტიკა ასეთი იყო: 64 შეხება, 53-დან 44 ზუსტი გადაცემა, 4 ჩაჭრა, 2 განმუხტული ეპიზოდი, 3 დაბრუნებული ბურთი, 10-დან 6 მოგებული ორთაბრძოლა, 1 ვარდნა.
ცნობისთვის, „მონცას“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. გოგლიჩიძის გუნდს სერია A-ში ყველაზე მეტი, 18 გოლი აქვს გაშვებული და მომდევნო შეხვედრა 28 ოქტომბერს, „ნაპოლის“ წინააღმდეგ ელის.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს