პირველად მიმდინარე სეზონში | Kicker-მა ზივზივაძე გამოარჩია
გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „ზანქტ-პაული“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი მესამე წუთზე დააწინაურა. ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ბუდუ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არც Kicker-ს დაუტოვებია.
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ზივზივაძე Kicker-ის რჩეულთა შორის მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა. მის გარდა, ტოპ-11-ში არიან: იანის ბლასვიხი („ლევერკუზენი“), რიდლე ბაკუ („ლაიფციგი“), ნიკლას შტარკი („ვერდერი“), რამი ბენსებაინი („დორტმუნდი“), მაქს ფინკგრეფე („ლაიფციგი“), კაიშუ სანო („მაინცი“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი“), ანტონ კადე („აუგსბურგი“), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“), პატრიკ შიკი („ლევერკუზენი“).
„ზანქტ-პაულის“ წინააღმდეგ ბუდუს სტატისტიკა ასეთი იყო: 38 შეხება, 16-დან 9 ზუსტი გადაცემა, 2 საკვანძო პასი, ბურთის 2 გამოტანა და 1 დაბრუნება. ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და 17 მატჩში 4 ბურთი აქვს გატანილი.
ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და „ჰაიდენჰაიმი“ ბოლო ადგილზეა. ზივზივაძის გუნდი მე-16 ადგილზე მყოფ „ზანქტ-პაულის“ 4 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას სტუმრად, „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართავს.