გულიაშვილს 2 გოლი გაუუქმეს - რასინგმა ქულები დაკარგა
გიორგი გულიაშვილი ესპანურ ფეხბურთს ისე შეეწყო, თითქოს წლებია იქ თამაშობდეს, რისი კიდევ ერთი დასტურიც ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 37-ე ტური გახლდათ, სადაც „სეუტა“ - „რასინგის“ შეხვედრა გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, თუმცა ამაში ყველაზე ნაკლებად დამნაშავე სანტანდერელთა 24 წლის ქართველი ლეგიონერი გახლდათ, რომელმაც ორი გოლი გაიტანა, თუმცა ორივე გაუუქმეს.
გიორგიმ პირველად თავი მეშვიდე წუთზე გამოიჩინა, როდესაც თანაგუნდელის კარგი გადაცემის შემდეგ მეკარეს შანსი არ დაუტოვა, თუმცა VAR-ის ოთახიდან მთავარ არბიტრს უკარნახეს, რომ ქართველი შემტევი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეორე ბურთი, რომელიც გულიაშვილს არ ჩაუთვალეს, 56-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა, თუმცა ამ ეპიზოდში ისევ ვიდეორეფერიმ თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა.
არჩათვლილი გოლების შუალედში გულიაშვილს ერთი ურეალურესი საგოლე მომენტიც შეექმნა და კარგადაც დაარტყა, თუმცა „სეუტას“ მეკარემ გილერმო ვალეხომ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ურთულესი ბურთი მოიგერია. ასეთი უიღბლობის ფონზე, გიორგი მთავარმა მწვრთნელმა 75-ე წუთზე ასიერ ვილიალიბრეთი შეცვალა.
ცნობისათვის, ქულების დაკარგვის მიუხედავად, „რასინგი“ სეგუნდადივიზიონის სატურნირო ცხრილში ლიდერობას ინარჩუნებს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ალმერიას“ 2 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში გიორგი გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები „უესკას“ უმასპინძლებენ და შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.