The Telegraph: უეფაში მუშაობისას ინფანტინომ თავისი საყვარელი დააწინაურა
ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს შესახებ მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ ბრიტანული მედია წერდა, რომ ინფანტინო ფარულად სუპერლიგის პროექტს უჭერდა მხარს, ახლა კი The Telegraph-ი პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
გამოცემის ინფორმაციით, როდესაც ინფანტინო უეფას გენერალური მდივნის პოზიციაზე მუშაობდა, მან ორგანიზაციის ადმინისტრაციაში მომუშავე ერთ-ერთ ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბა და შემდეგ ის დააწინაურა. ამ დაწინაურების შედეგად ქალის ხელფასი 30%-ით გაიზარდა.
„უეფას მაშინდელმა ხელმძღვანელმა, მიშელ პლატინიმ ამასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, რის შედეგადაც ქალმა სამსახური დატოვა და კომპენსაცია მიიღო. ინფანტინოს მაშინდელი კოლეგენი ამბობენ, რომ თანხა სულ მცირე ექვსნიშნა იყო“, - წერს გამოცემა.
ფიფაში The Telegraph-ის გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებენ. მათი განცხადებით, ინფანტინოს მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე უეფასა და ფიფას რომელიმე თანამშრომელს არასოდეს უსაუბრია, ხოლო ყველა საკადრო გადაწყვეტილებას, მათ შორის გათავისუფლებისა და კომპენსაციის გადახდის თაობაზე, შესაბამისი უფლებამოსილი პირები იღებდნენ.
ცნობისთვის, ინფანტინო უეფაში 2000 წლიდან მუშაობდა, გენერალური მდივანი კი 2009-2016 წლებში იყო. 2016 წლის თებერვალში ის ფიფას პრეზიდენტად აირჩიეს.