ცოტნე დგებუაძის 26 ქულა | 16-წლამდე ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის პირველი შეხვედრა ისრაელის წინააღმდეგ გამართა. მატჩის პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, თუმცა 22:22-ზე ისრაელი 6:0 გაიქცა და მეორე პერიოდს 6-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.
მეორე ათწუთეულში ისრაელი ბევრად უკეთესი იყო, 15-ით მეტი ქულა ჩააგდო და პირველი ტაიმი 57:36 მოიგო. მესამე მეოთხედში ისრაელმა სტაბილური თამაში გააგრძელა, უპირატესობა კიდევ 4 ქულით გაზარდა და შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში საუკეთესო ცოტნე დგებუაძე იყო, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ცოტნემ 6-დან 3 ორქულიანი, 10-დან 4 სამქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ანდრია ჭკადუას 11 ქულა ჰქონდა, ლუკა გაბისიანმა 8 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა, ხოლო ბუბა კვასტიანის ანგარიშზე 7 ქულა და 3 მოხსნა იყო.
ცნობისთვის, ტურნირი სპეციფიკური ფორმატით მიმდინარეობს: ჯგუფური ეტაპიდან პლეი-ოფში ყველა გუნდი გადის. თუმცა მოგებებსა და დაკავებულ ადგილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მაღალი პოზიცია პლეი-ოფის პირველ რაუნდში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის საშუალებას იძლევა. საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 8 აგვისტოს, ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.