„გოლს იმსახურებდა, შესანიშნავი ფეხბურთელია“ | ინიგო პერესმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ვილიარეალი“ საშინაო კედლებში „ლევანტეს“ დაუპირისპირდა. გიორგი მიქაუტაძის გუნდმა 3:1 გაიმარჯვა და „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მესამე გოლი ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზეა.
მიქაუტაძემ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგის კარგი მატჩი ჰქონდა და დუბლის შესრულებაც შეეძლო. შეხვედრის შემდეგ „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა 25 წლის ფეხბურთელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბრწყინვალე მოთამაშეა.
„ცხრიანებისთვის, შემტევებისთვის ან თუნდაც მათთვის, ვინც დაცვის ხაზში თამაშობს, გოლის გატანას სიმშვიდე მოაქვს. შეიძლება იგებდე ან აგებდე, მაგრამ ცხრიანებს სულ აქვთ შინაგანი შფოთვა, როდესაც გოლი ვერ გააქვთ. შესაბამისად, ყოველთვის პოზიტიურია, როდესაც მათი დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ბადეში ეხვევა.
მიქაუტაძე შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ძალიან მაღალ დონეზეა და ეს თავადაც კარგად იცის. ყველამ ვნახეთ, რომ მომენტები, რომლებიც მას ჰქონდა — და რომელთა უმრავლესობა თავად შექმნა — გოლს იმსახურებდა. გიორგის გოლი ვერ გაჰქონდა და საბოლოოდ, როდესაც მიზანს მიაღწია, შვება იგრძნო. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, მიქაუტაძის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია. „ვილიარეალს“ 7 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციას იკავებს. „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართავს და 10 ოქტომბერს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალს“ დაუპირისპირდება.