Tuttosport: კომოსთან მატჩში კვერნაძეს ნაპოლის სკაუტი აკვირდებოდა
სერია ა-ს გასულ ტურში, „კომოსთან“ მატჩში „ფროზინონეს“ ქართველ გარემარბს, გიორგი კვერნაძეს „ნაპოლის“ სკაუტი აკვირდებოდა. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება.
მისი ინფორმაციით, არაა გამორიცხული, „ნაპოლიმ“ კვერნაძის შეძენა უკვე იანვარში სცადოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ფროზინონე“ თავის ერთ-ერთ ლიდერს შუა სეზონში შეელევა.
„კვერნაძისთვის ეს იქნებოდა მისი მეგობრისა და მისაბაძი მაგალითის, ხვიჩა კვარაცხელიას გზის გამეორება. თუმცა იქამდე ჯერ გიორგი „ფროზინონეს“ სერია ა-ში დარჩენაში უნდა დაეხმაროს, შემდეგ კი ყველაფერს მისი აგენტი, მამუკა ჯუღელი გადაწყვეტს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, კვერნაძის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა.