ვილიარეალმა გალათასარაის მოუგო - გამარჯვების გოლი მიქაუტაძის ანგარიშზეა
„ვილიარეალი“ ლა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ამჯერად გიორგი მიქაუტაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში „გალათასარაის“ დაუპირისპირდა.
მესამე წუთზე ანგარიში პენალტის ნიშნულიდან აიოზე პერესმა გახსნა, თუმცა უკვე ორ წუთში ვიქტორ ოსიმენმა წონასწორობა აღადგინა. 41-ე წუთზე „ვილიარეალი“ გიორგი მიქაუტაძის გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი ესპანელებმა 2:1 მოიგეს.
მეორე ტაიმში მიქაუტაძის პასის შემდეგ გოლთან ძალიან ახლოს კარლოს რომერო იყო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა „გალათასარაის“ კარს. მე-60 წუთზე მიქაუტაძის პასის შემდეგ გოლის გატანა ტეიჯონ ბიუკენენს შეეძლო, თუმცა მას მეკარემ აჯობა.
მიქაუტაძემ 72 წუთი ითამაშა და Sofascore-ისგან 7.6-იანი შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 4 დარტყმა, 1 დარტყმა კარში, 2 დაბლოკილი დარტყმა, 38 შეხება ბურთთან, 29-დან 28 ზუსტი პასი (97%) და 3 ზუსტი გრძელი პასი.
მიქაუტაძის გოლი და გამორჩეული მომენტები
16 აგვისტოს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ლა ლიგის პირველ ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ ესტუმრება.