შენგელიას 20 ქულა - გამარჯვება ყოფილ კლუბთან
ევროლიგაში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვებით გულშემატკივრებს ხასიათი ოდნავ გამოუკეთა. ლიგა ენდესას რეგულარული გათამაშების 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბის „ბასკონიას“ წინააღმდეგ მოუწია თამაში და საქართველოს ნაკრების კაპიტანი კატალონიის გრანდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
„ბარსამ“ სტუმრად სამქულიანი სხვაობით, 95:92 მოიგო, შენგელიამ კი, პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თოკომ საშუალო დისტანციიდან თორმეტიდან რვა სროლა გამოიყენა, ხოლო ექვსიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო. შედეგად შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26 შეადგინა, რითაც „ბარსაში“ საუკეთესო გახლდათ, „ბასკონიაში“ კი, მხოლოდ კობი სიმონსმა (27) აჯობა.
ცნობისათვის, 19 მოგებითა და 9 წაგებით „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ „რეალს“, „ვალენსიასა“ და „მურსიას“ ჩამორჩება. მომდევნო ტურში კატალონიელები„გრან კანარიას“ უმასპინძლებენ და მატჩი 3 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.