ოფიციალურად - თორნიკე შენგელია დუბაის კალათბურთელია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია „ბარსელონადან“ კარიერას „დუბაიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელებში ოფიციალურად დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ ახალ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მოგესალმებით დუბაის ფანებო. მე თორნიკე შენგელია ვარ და მინდა გითხრათ, რომ ერთი სული მაქვს როდის შევუერთდები გუნდს. მოუთმენლად ველი თქვენს წინაშე თამაშს. მოდით, ერთად ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს მივაღწიოთ“, - განაცხადა, თოკომ ვიდეომიმართვაში, რომელიც დუბაის გვერდზე გამოქვეყნდა.
იმის მიუხედავად, რომ დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდია, ევროლიგაზე თამაშის უფლება აქვს და შესაბამისად, მომდევნო სეზონში შენგელია კვლავ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.
„დუბაიმდე“ თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“, „ვირტუს ბოლონიასა“ და „ბასკონიაში“ თამაშობდა. ასევე, ქართველი კალათბურთელი NBA-ში „ბრუკლინ ნეთსისა“ და „ჩიკაგო ბულზის“ ღირსებას იცავდა.