გამარჯვება კვიპროსთან - ხელბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს
თელავში მიმდინარე ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ასაკობრივმა ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. შოთა თევზაძის მომზადებული მოთამაშეების მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი აუტსაიდერი კვიპროსის გუნდი იყო და თუ პირველ ტაიმში კუნძულელებმა ტურნირის მასპინძლებს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიეს, შესვენების შემდეგ კაპიტულაცია გამოაცხადეს და 10-ბურთიანი სხვაობით, 19:29 დამარცხდნენ.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებმა გუნდური თამაშის ხარჯზე მოიგო, რაშიც ერთი სტატისტიკური მონაცემიც კარგად მეტყველებს - მინიმუმ ერთი ბურთი ჩვენი გუნდის 11-მა ხელბურთელმა გაიტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ქევხიშვილი დასახელდა, რომელმაც ტურნირზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და 12 სეივი შეასრულა. ყველაზე შედეგიანი კი 5 გატანილი გოლით ნიკოლოზ ბიბლაია იყო.
ცნობისათვის, მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ხვალ, კოსოვოელების წინააღმდეგ გამართავს, რომელთაც დღეს ბელგიელებთან 31:38 წააგეს. საქართველო-კოსოვოს მატჩი თელავის სპორტის სასახლეში 18:15 წუთზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.