მატჩის MVP ქალთა ლიგაში - ძამუნაშვილის დიდი პროგრესი
საქართველოს ნაკრების ხელბურთელების წარმატებული ასპარეზობა საკლუბო დონეზე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ჩემპიონატებში, პირდაპირპროპორციულად აისახება ეროვნული გუნდისა და ქართული ხელბურთის პროგრესზე. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მამაკაცი ხელბურთელების გარდა, ევროპის კონტინენტზე ქალთა ხელბურთშიც გვყავს წარმომადგენელი და თანაც ისეთი, რომ მატჩის MVP ხდება.
თეკლა ძამუნაშვილმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატიდან, კერძოდ კი „აკადემიიდან“ სერბეთში აგვისტოში გადავიდა, ახალ კლუბში ადაპტაცია უსწრაფესად გაიარა და „ნაპრედაკის“ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამის დასტური ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის თამაში გახლდათ, სადაც კრუშოვიცეს კლუბმა „იაგოდინა“ დაძაბულ ბრძოლაში 25:24 დაამარცხა, თეკლამ კი 3 ბურთი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ხელბურთელისთვის დაწესებული პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო.
ცნობისათვის, „ნაპრედაკი“ სერბეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და გამორჩეული კლუბია, რომელსაც საუკეთესო პერიოდი 80-იან წლებში ჰქონდა, როდესაც იუგოსლავიის თასის გარდა, ევროპის ჩელენჯ თასიც მოიგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს