ცხოვრებაძის კარგი მატჩი - ქართველის 71-პროცენტიანი სიზუსტე
გიორგი ცხოვრებაძემ ხელბურთის კლუბ „ზაგრების“ შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ხორვატიის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მეათე ტურში დედაქალაქის გუნდმა საკუთარ დარბაზში „დუგო სელოს“ 9-ბურთიანი სხვაობით, 35:26 მოუგო და გამარჯვებაში საკუთარი არცთუ მოკრძალებული წვლილი საქართველოს ნაკრების 25 წლის ხელბურთელმაც შეიტანა.
შეხვედრას საკმაოდ პრინციპული დატვირთვა ჰქონდა, რადგან „ზაგრების“ მეტოქე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გახლდათ და გამარჯვების შემთხვევაში „დუგო სელო“ ლიდერის პოზიციაზე მყოფ გიორგისა და მის თანაგუნდელებს მიუახლოვდებოდა, თუმცა დედაქალაქელებმა მოწინააღმდეგეს უპირატესობის მოპოვების იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვეს. რაც შეეხება ცხოვრებაძეს, დარტყმები 71-პროცენტიანი სიზუსტით შეასრულა და მისი შვიდი გასროლიდან გოლით ხუთი დასრულდა.
ცნობისათვის, 10 ტურში დაგროვებული 18 ქულით „ზაგრები“ ხორვატიის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ნექსეს“ ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას გიორგი ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები ხორვატიის ჩემპიონატში 28 ნოემბერს, სტუმრად „პორეცთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს