“მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს“ - გარაბაია ავსტრიასთან მატჩის წინ
Aa
Aa

“მნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს“ - გარაბაია ავსტრიასთან მატჩის წინ

რამდენიმე საათში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები „თბილისი არენაზე“ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ავსტრიას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრებს სათავეში ესპანელი რუბენ გარაბაია უდგას, ხოლო ავსტრიელებს — მისივე ყოფილი თანაგუნდელი ესპანეთის ნაკრებიდან, იკერ რომერო.

მატჩის წინ, ორივე მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა, რომელსაც საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი ავრცელებს.

რუბენ გარაბაია: „საკუთარ კედლებში თამაში მნიშვნელოვან უპირატესობას გვაძლევს, რადგან ჩვენი გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება. ვიცით, რომ ავსტრია ძლიერი მეტოქეა, თუმცა მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინა თამაშიდან სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ, მოედანზე ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ და დადებითი შედეგისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ.“

იკერ რომერო: „მართლაც ძალზე რთული მატჩი გველოდება — მათ კარგი გუნდი ჰყავთ. ოთხშაბათს თურქეთთან მოპოვებული გამარჯვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან ამ შედეგმა დამატებითი თავდაჯერებულობა შეგვმატა. მოთამაშეები სრულად მობილიზებულნი არიან და სურთ, მომდევნო ნაბიჯიც წარმატებული იყოს.“

ცნობისთვის, მწვრთნელებმა ერთობლივი წარსულის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს, პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასე რომ, ქართულ-ავსტრიულ დაპირისპირებას ესპანური სამწვრთნელო სკოლის გამორჩეული წარმომადგენლები გაუძღვებიან.

საქართველოსა და ავსტრიის გზები აქამდე 6-ჯერ გადაიკვეთა: ხუთჯერ ავსტრიელებმა მიაღწიეს წარმატებას, საქართველომ კი გამარჯვება ერთხელ შეძლო — 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში. ბოლოს ჩვენი გუნდები ერთმანეთს 2024 წლის 12 მაისს, ვენაში, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ.

წყარო - geohandball.ge

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები