ერეკლე არსენაშვილი
Aa
Aa

„სამწვრთნელო ცვლილება სწორი გადაწყვეტილება იყო“ - ინტერვიუ ერეკლე არსენაშვილთან

ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისთვის წარუმატებლად დაიწყო. ესპანელი სპეციალისტის, რუბენ გარაბაიას მომზადებული მოთამაშეები ჯერ სტუმრად ნორვეგიასთან 23:40 დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ თბილისში, ავსტრიასთან 23:35 წააგეს. ბუნებრივია და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ამ თამაშებს დიდი დანაკლისით შეხვდა, თუმცა მსგავსი სხვაობით მარცხებს კრიტიკა ყოველთვის თან ახლავს და გამონაკლისი ეს შემთხვევაც არ ყოფილა.

განცდილი მარცხების ფონზე ბევრმა გულშემატკივარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტიტე კალანდაძის გაშვება და მის ნაცვლად უცხოელი სპეციალისტის მოყვანა შეცდომა იყო. ერეკლე არსენაშვილს ამის თაობაზეც ვკითხეთ და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა საკითხზე ტრადიციულად საინტერესოდ და ამომწურავად ისაუბრა.

ერეკლე არსენაშვილი

თავიდანვე ვიცოდით, რომ სტუმრად ნორვეგიასთან ძალიან რთული მატჩი გველოდებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში არის ის ენერგია და მოტივაცია, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ისე შეგვიძლია გრანდების დამარცხება. თუმცა, შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ მირიან გავაშელიშვილისა და გიორგი დიხამინჯიას გარდა, ნიკოლოზ კალანდაძეც ვერ დაგვეხმარებოდა, რის გამოც სულ სხვა ტაქტიკაზე გადაწყობა მოგვიწია და თან საამისოდ ძალიან ცოტა დრო გვქონდა.

შექმნილი საკადრო პრობლემების ფონზე, ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდა ხელბურთელებს მიეცემოდათ თავის გამოჩენის საშუალება, რომელთაც მართლაც უდიდესი პოტენციალი აქვთ, თუმცა რთულია მოსთხოვო, რომ ნორვეგიის დონის მეტოქეს აჯობონ, მაგრამ იყვნენ დებიუტანტები, რომელთაც მოახერხეს თავის გამოჩენა - ესენი არიან ნიკოლოზ მამულაშვილი და გუგა ურთმელიძე, რომელიც დაშავდა და შემდეგ ავსტრიასთან ვეღარ დაგვეხმარა. სწორედ ამ პატარა ბიჭების კარგი თამაში იყო ის პოზიტივი, რაც ნორვეგიასთან დაპირისპირებაში უნდა დაგვენახა.

წესით და რიგით ავსტრიასთან უფრო მაღალი შანსები უნდა გვქონოდა, რადგან საკუთარ დარბაზში ვთამაშობდით, მაგრამ გავაშელიშვილი და დიხამინჯია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ძალიან დაგვაკლდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, არ ვთვლი, რომ 12-ბურთიანი სხვაობით წასაგები მატჩი იყო. მომდევნო თამაშებზე ეს ახალგაზრდა ბიჭები რომ ჩამოვლენ, უფრო გამოცდილები იქნებიან და ყველა პოზიციაზე ორი სრულფასოვანი ხელბურთელი გვეყოლება.

ასევე შეუძლებელია ხაზი არ გავუსვა ირაკლი კბილაშვილის ძალიან დიდ როლს საქართველოს ნაკრებში - როდესაც ნორვეგიასთან მატჩში დაშავდა, ამავე თამაშშიც ძალიან იმოქმედა და ავსტრიასთანაც უდიდესი დანაკლისი იყო მისი არყოფნა. თბილისურ შეხვედრაში იყო ეპიზოდები, როდესაც თითქოს გუნდი გამოსავალს ეძებდა და კბილაშვილის უთამაშებლობამ საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

რაც შეეხება რუბენ გარაბაიას, ვერავინ იტყვის, რომ მისი ტაქტიკა რთულია. პირიქით, ძალიან მარტივ, დახვეწილ და ელემენტალურ ხელბურთს ანიჭებს უპირატესობას. ის იყო ესპანეთის ნაკრებში დაცვის სპეციალისტი. ავსტრიასთან მატჩის წინ იმდენად დეტალური პრეზენტაცია ჩაგვიტარა მომავალი მეტოქის თითოეული ხელბურთელის, ვინ როდის რას გააკეთებდა ზეპირად ვიცოდით და თავი პირველად ვიგრძენი ევროპულ გარემოში. იმიტომ რომ კლუბებში როდესაც ვართ, ეს ვიდეო-გარჩევები გვიტარდება უმაღლეს დონეზე და ესპანელებს ეს საერთოდ ცალკე ლეველზე აქვთ აყვანილი. მოკლედ რომ გითხრათ, პრეზენტაციისა და ვიდეო-ანალიზის შემდეგ, მივხვდი, რომ გარაბაია და მისი შტაბი თავის საქმეს უმაღლეს დონეზე აკეთებდა და ახლა უკვე ჩვენზე იყო დამოკიდებული, რამდენად გადავიტანდით ამ ყველაფერს თამაშში და სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, რომ ტიტე კალანდაძის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვება შეცდომა იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. ჩვენ ზუსტად გარაბაიას ტიპის დამრიგებელი გვჭირდებოდა და ბიჭებმაც ძალიან კარგად გააცნობიერეს, რომ ახლა უკვე ყველაფერი აქვს ჩვენს ნაკრებს - ინფორმაცია მეტოქეებზე, სწორი ტაქტიკური სვლები, ევროპული ხედვა, დაცვის სპეციალისტი, ანალიტიკოსი, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი და ჩვენზე იქნება დამოკიდებული რას შევძლებთ და ვისთან როგორ ვითამაშებთ.

თურქეთის ნაკრებს რაც შეეხება, მათაც ძალიან მძიმე თამაშები ჰქონდათ - სახლში წააგეს ნორვეგიასთან ჩვენზე უფრო დიდი სხვაობით და ასევე ავსტრიასთან წააგეს ზუსტად იგივე ანგარიშით და იგივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც ვართ ჩვენ. თუმცა, ეს ის გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ისე უნდა ვითამაშოთ მოსაგებად, როგორც არასდროს არავისთან. თურქეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერია, ჰყავთ კლუბი „ბეშიქთაში“, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობს, საკმაოდ ძლიერი შიდა ჩემპიონატი აქვთ და სწორედ იქ მუშაობს გარაბაია საკლუბო დონეზე. მთავარია, რომ წამყვანი მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ, ყველანი გადავეწყობით და უნდა მოვიპოვოთ ან მესამე საუკეთესო ადგილი, ან მეორეზე გავიდეთ.

ცნობისათვის, ერეკლე არსენაშვილმა ნორვეგიელებთან (23:40) შეხვედრაში 5-ჯერ დაარტყა და 4 გოლი გაიტანა, ხოლო ავსტრიელებთან (23:35) საშინაო მატჩში 2 დარტყმის შემდეგ მის ანგარიშზე 2 ბურთი იყო. რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მსგავსად, თურქეთის ეროვნულ გუნდსაც ესპანელი სპეციალისტი, დანიელ გორდო ამზადებს. 

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    უშანსო მარცხი ავსტრიასთან - ცხოვრებაძის 12 გოლი
    უშანსო მარცხი ავსტრიასთან - ცხოვრებაძის 12 გოლი