აშშ-ის პოლიციის საიდუმლო ანგარიში: მსოფლიო ჩემპიონატზე მესის მკვლელობას გეგმავდნენ
აშშ-ის პოლიციის ანგარიშის მიხედვით, ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმით ემუქრებოდნენ.
ესპანურმა გამოცემა MARCA-მ გაავრცელა დეტალები აშშ-ის პოლიციის საიდუმლო ანგარიშიდან, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატის დროს FBI-ისა და საერთაშორისო პოლიციის თანამშრომლობის ცენტრის (IPCC) მიერ მიღებული უსაფრთხოების საფრთხეებია აღწერილი. ანგარიშის მიხედვით, ტურნირის განმავლობაში ყველაზე მეტი მუქარა სწორედ არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ლიონელ მესის, მისამართით გაისმა.
მუქარა მხოლოდ მესის არ ეხებოდა და საფრთხე არგენტინის ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც ემუქრებოდათ.
ანგარიშში აღწერილია ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც არგენტინის ნაკრების ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის, იორდანიის წინააღმდეგ შეხვედრის წინ მოხდა. ერთ-ერთმა პირმა დალასის აეროპორტში დარეკა და განაცხადა, რომ ის და კიდევ ორი ადამიანი სტადიონზე „ხელნაკეთი ბომბებითა და AR-15 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით“ შეჭრას აპირებდნენ.
მუქარის ავტორმა კონკრეტულ სამიზნედ მესიც დაასახელა და განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა „პოლიციელებსა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს“.
მსგავსი შემთხვევა არგენტინის მერვედფინალურ მატჩშიც განმეორდა, როდესაც მესის ეგვიპტის წინააღმდეგ შეხვედრის წინ ბომბის აფეთქებით დაემუქრნენ. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ატლანტის სტადიონზე შევალ და მესის ოთხი ბომბით ავაფეთქებ, რომლებიც სხეულზე მექნება დამაგრებული.“
იმავე მატჩის მიმდინარეობისას პოლიციამ კიდევ ერთი მამაკაცისგან მიიღო შეტყობინება. ის აცხადებდა, რომ ტრიბუნებზე განთავსებულ ნაგვის ურნებში „სამი ბომბი“ ჰქონდა დატოვებული.
ამის გამო სტადიონზე სრულმასშტაბიანი შემოწმება ჩატარდა და ტერიტორიის დასათვალიერებლად სპეციალურად გაწვრთნილი ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმომჩენი ძაღლებიც გამოიყენეს.
საბოლოოდ, შეტყობინება ცრუ განგაში აღმოჩნდა და სტადიონზე ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოუჩენიათ.