რიდი ორმაგი დუბლი - გამარჯვება გალათასარაისთან
როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მისი თითოეული მატჩის შემდეგ ვრწმუნდებით, რომ მარკის რიდის სახით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უმაღლესი დონის მოთამაშე დაიმატა. თურქეთის სუპერლიგის რეგულარული გათამაშების 28-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ საკუთარ დარბაზში „გალათასარაი“ 10-ქულიანი სხვაობით, 79:69 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი რიდს მიუძღვის.
მარკისმა პარკეტზე გატარებულ 33 წუთში 17 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა, 5 ჩაჭრა დააგროვა და გარდა იმისა, რომ ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 26 შეადგინა და მატჩის MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 18 მოგებითა და 10 წაგებით „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო ტურში რიდი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „თურქ ტელეკომს“ შეხვდებიან - მატჩი 3 მაისს, თბილისის დროით 16:30 წუთზე დაიწყება.