ილია თოფურია
Aa
Aa

„ჩვენ დავბრუნდით! ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ უფრო ძლიერი ვარ“ | ილია თოფურიას პოსტი

ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. „ელ მატადორი“ საკუთარ შვილს, უგოს მიმართავს და ჯასტინ გეიჯისთან წაგებულ ორთაბრძოლაზე საუბრობს.

ილიას პოსტს ასეთი შინაარსის აღწერა ახლავს თან: „ჩვენ დავბრუნდით! ხასიათი მაშინ კი არ ყალიბდება, როდესაც ყველაფერი შენი გეგმის მიხედვით მიდის, არამედ მაშინ, როდესაც ყველაფერი პირიქით ხდება. ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია“.

რაც შეეხება ვიდეოს, მასში ილია ამბობს: „უგო, ბოლო რამდენიმე დღეა შენზე ვფიქრობ. ვფიქრობ იმაზე, რა იგრძენი, როდესაც დაცემული მნახე. ვიცი, რომ ეს მტკივნეული იყო და როგორც შენი მამა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამ მომენტისგან დამეცავი. თუმცა, მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ, რადგან ამ დღემ ორივე გაგვაძლიერა.

მინდა, ერთი რამ სამუდამოდ გახსოვდეს: ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ და ამას არაუშავს, რადგან მარცხი კი არაა მთავარი, მთავარი ისაა, როგორ მარცხდები, ვისთან ყოფნას ირჩევ, როდესაც ირგვლივ სიბნელე ისადგურებს და ვისთან ხარ, როდესაც უნდა აირჩიო, წამოდგე თუ დაბლა დარჩე.

ვფიქრობ, უფალს უნდოდა, ეს გამომეარა და მესწავლა ის, რასაც ვერც ერთი გამარჯვება ვერ მასწავლიდა. ხასიათი მაშინ არ ყალიბდება, როდესაც ყველაფერი შენ სასარგებლოდ მიდის. ეს მაშინ ხდება, როდესაც ცხოვრება გაიძულებს, შენთვის ურთულესი დღე გაიარო.

და იცი, რა აღმოვაჩინე? ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან ჩემპიონი არ არის ადამიანი, რომელიც არასდროს ეცემა. ჩემპიონი არის ადამიანი, რომელიც წამოდგომის მიზეზს პოულობს. მინდა, ეს იცოდე! ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ წაგების არასდროს უნდა გეშინოდეს. წაგება ვერასდროს განსაზღვრავს, ვინ ხარ — ამას მხოლოდ შენ წყვეტ. და რადაც უნდა დაგიჯდეს, ეს გახსოვდეს: ხასიათი არის გამარჯვება, რომელსაც ვერასდროს ვერავინ წაგართმევს“.

View this post on Instagram

A post shared by Ilia Topuria (@iliatopuria)

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი ივნისში გაიმართა და ბოლო პერიოდში იწერება, რომ ილია მომდევნო ბრძოლას პედი პიმბლეტთან გამართავს, თუმცა ოფიციალური ჯერ არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფენომენალური იყო“ | სანიას მიხედვით, კვარა ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს
„ფენომენალური იყო“ | სანიას მიხედვით, კვარა ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს