„შეცდომებს აღარ გავიმეორებ“ | დვალიშვილი იანთან ტრილოგიისთვის მზადაა
მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლა ახლოვდება. 24 ოქტომბერს „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტულის დაბრუნებას შეეცდება და UFC 333-ის თანამთავარ მოვლენაში პიოტრ იანს დაუპირისპირდება.
„მანქანამ“ YouTube-ის საკუთარ არხზე მოსამზადებელი პერიოდის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და კომენტარიც გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ მეორე ჩხუბში დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებს.
„ბოლო დეტალები დავამატე, რომლებიც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი იქნება. იმ შეცდომებს, რომლებიც წინა ჯერზე დავუშვი, აღარ გავიმეორებ. დარწმუნებული ვარ, რაზეც მოსამზადებელი ეტაპისას ვმუშაობდი, იანის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. დეტალებზე, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებ, დანარჩენი კი მებრძოლზეა დამოკიდებული.
სხვათა შორის, მეორე ჩხუბში ჩემი კუთხე საერთოდ სხვა რამეს მეძახდა. მეუბნებოდნენ, ტანში დაარტყი, ტანში დაარტყიო, არადა ამაზე საერთოდ არ გვიმუშავია. ამან დამაბნია. ახლა ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭიროა, რათა მოვიგო“.
ცნობისთვის, UFC 333-ის მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირებაა. გამომდინარე იქიდან, რომ ღონისძიება აბუ-დაბიში იმართება, ძირითადი კარდი (Main Card) თბილისის დროით 22:00 საათიდან იწყება. „მანქანის“ ჩხუბს 00:00 საათისთვის უნდა ველოდოთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს