ჩაკვეტაძის გუნდის ზედიზედ მეხუთე მარცხი | უდინეზე ლეჩესთან განადგურდა
იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში „უდინეზე'' შინ „ლეჩესთან'' 0:3 დამარცხდა. „უდინეზე’’ ზედიზედ მეხუთე მატჩში დამარცხდა. ამ მომენტისთვის იტალიის ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში ყველაზე მეტი გოლი „უდინეზემ’’ და „ვენეციამ’’ გაუშვეს - 16.
მე-11 წუთზე ანტონიო გალოს პასით კიალონდა გასპარმა „ლეჩე’’ დააწინაურა. 33-ე წუთზე ტიაგო გაბრიელის გადაცემით კონან ნდრიმ შეაგდო. 86-ე წუთზე ჯამილ ზიბერტმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კოსტა რუნიაიჩის გაწვრთნილი გუნდი საუკეთესო ფორმისგან შორსაა, შეტევაში პასიური თამაშის გარდა გუნდი დაცვაში არადამაჯერებელია.
უდინელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. ქართველმა ფეხბურთელმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა, შეტევებს ვერ ამწვავებდა და საკმაოდ ინერტული იყო. მისი დღევანდელი თამაშიდან მხოლოდ ერთი მომენტის გამოყოფა შეიძლება, როცა შორი მანძილიდან კარისკენ დაარტყა.
27 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმის გამო იტალიის ჩემპიონატის საწყისი ორი ტური გამოტოვა, მესამე ტურში „ლაციოსთან’’ სკამზე იჯდა, მისი დებიუტი იტალიურ კლუბში მე-4 ტურში მილანის „ინტერთან'' „ჯუზეპე მეაცაზე'' შედგა (17 წუთი ითამაშა), „კალიარისთან’’ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. „ტორინოსთან’’ 90 წუთი ითამაშა, დღეს 64-ე წუთზე შეცვალეს. ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში საგოლე მოქმედება არ აქვს.
7 ტურის შემდეგ 20-გუნდიან სერია A-ში „უდინეზე’’ 4 ქულით მე-18 ადგილზეა, ბოლოადგილოსან „ვენეციას’’ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს