„წნეხს ვგრძნობ, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება“ | მერაბმა იანთან ჩხუბზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილი MMA Junkie-ის პიოტრ იანთან გასამართ ორთაბრძოლაზე ესაუბრა. „მანქანას“ საჩემპიონო ქამარზე მეტად მომდევნო მეტოქის დამარცხება აინტერესებს და მაქსიმუმს გააკეთებს, რათა მიზანს მიაღწიოს.
„წნეხს ვგრძნობ, მაგრამ მინდა, ჩემი ჩხუბი ვაჩვენო და შედეგს მივაღწიო. მხოლოდ ლაპარაკით არ შემოვიფარგლები, ყველაფერს ნახავთ და ამჯერად სხვანაირი შედეგი გვექნება. ვფიქრობ, მესამე ჩხუბში ბევრად უკეთესი ვიქნები. საინტერესო ორთაბრძოლა გველოდება და ერთი სული მაქვს, ოქტაგონში როდის შევალ.
იანი ჩემპიონია და ჩვენს წონით დივიზიონში ყველაზე სახიფათო მებრძოლია. დიდი გამოწვევა მელოდება. რეალურად, ქამარზე მეტად, უბრალოდ ჩემს მომდევნო მეტოქესთან გამარჯვება მინდა. ქამარი ავტომატურად მოვა. ტიტული კარგია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არ არის. უბრალოდ მინდა საუკეთესო მებრძოლს მოვუგო, რომელიც პიოტრ იანია. მერე ისევ მექნება ქამარი და ეს ძალიან კარგი იქნება.
იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ, როგორც პიროვნება, ძალიან უხეშია. როგორც მებრძოლს, პატივს ვცემ, მაგრამ მისი პიროვნებით მოხიბლული ნამდვილად არ ვარ. პრესკონფერენციაზე ჩემ მიმართ რაც გააკეთა, მისგან ჩვეულებრივი ამბავია და არც გამკვირვებია. მესამე ბრძოლაში მას დავამარცხებ და თავმდაბალი გახდება“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა პირველი ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო, მეორე ჩხუბში კი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მათი მესამე დაპირისპირება 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს