„იანზე ბევრად უკეთესი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო“ - მერაბის ინტერვიუ UFC-სთან
UFC 333-ის ფარგლებში, მერაბ დვალიშვილი UFC-ის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა და პიოტრ იანთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ თავისი მოლოდინები გაუზიარა.
მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ:
ჟურნალისტი: აბუ-დაბიში ბრძოლის კვირაა. რას გრძნობთ და როგორ მიმდინარეობს მზადება?
მერაბი: დიახ, ძალიან მიხარია აბუ-დაბიში ყოფნა. ბრძოლის კვირაა და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს — ინტერვიუები, წონის კლება, ვარჯიში. წონის ჩაბარებამდე სამი დღე დარჩა, ბრძოლამდე — ოთხი და მოუთმენლად ველოდები.
როგორ ფიზიკურ ფორმაში ხართ?
ჩემი სხეული კარგ მდგომარეობაშია და თავს კარგად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი, არასდროს მიწუწუნია, რადგან მებრძოლი ვარ და რამე რომც მაწუხებდეს, მაინც გამოვალ და ვიბრძოლებ. თუმცა, ამჯერად გამარჯვებას მართლა ძალიან ვარ მოწყურებული.
რთული იყო ბრძოლის ჩანიშვნის მოლოდინი?
თავიდან, როცა არ ვიცოდი, როდის ვიჩხუბებდი, ცოტა გამიჭირდა, რადგან სიახლეებს ველოდი. მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ბრძოლა ჩაინიშნა, მოვეშვი და დავმშვიდდი. უბრალოდ, ჩხუბი ძალიან მომენატრა და ვფიქრობ, ახლა ნამდვილი მე ვიქნები.
ჭიდაობაში აქტიურობა თუ დაგეხმარათ მზადებაში?
დიახ, მიყვარს კონკურენცია და ჭიდაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული. ვფიქრობ, ეს დამეხმარა, რომ გონება სხვა რამეზე გადამეტანა, შეჯიბრისთვის მევარჯიშა, ხალხის წინაშე გამოვსულიყავი და ეს წნეხი მეგრძნო. საქართველოში ათასობით ადამიანის, ჩემი ხალხის წინაშე ვჭიდაობდი და ეს სულ სხვაგვარი წნეხი იყო. აშშ-ის რამდენიმე შტატშიც გამოვედი, რაც კიდევ ერთი ახალი გამოცდილება იყო და ასე უფრო და უფრო ვვითარდები.
თქვენ უკვე მესამედ ხვდებით ამ მეტოქეს. რას ელით ამ ბრძოლისგან?
დიახ, ჩვენ უკვე მესამედ ვჩხუბობთ. პირველი ბრძოლა ცალმხრივი იყო და მე მოვიგე. მეორეც ცალმხრივი იყო, მაგრამ ჩემთვის ძალიან ცუდად დასრულდა. ამჯერად კი მჯერა, რომ გავიმარჯვებ, რადგან ვთვლი, რომ მასზე ბევრად უკეთესი ვარ და ეს უნდა დავამტკიცო. ბევრს და ჭკვიანურად ვვარჯიშობდი. ახლა მხოლოდ ის დამრჩა, რომ გავიდე ოქტაგონზე, ჩემი საქმე გავაკეთო, გამარჯვებულმა ხელი ასე ავწიო და მომდევნო კვირას მშვიდად ვიქნები.
როგორია თქვენი განწყობა და მიზანი უშუალოდ ბრძოლაში?
უბრალოდ მხიარული ვიქნები და ამ მომენტით ვისიამოვნებ. ეს ჩემთვის სიმშვიდის მომტანი იქნება, რადგან ძალიან მადლიერი ვარ იმის, რაც მაქვს და რასაც მივაღწიე. UFC-ში ჩხუბი ჩემთვის უკვე ოცნება იყო და ახლა ჩემი ოცნებით ვცხოვრობ. ვიბრძოლებ, მაქსიმუმს გავაკეთებ და მოვიგებ თუ წავაგებ, მაინც ბედნიერი ვიქნები. უბრალოდ ჩემი თავი უნდა ვიყო, ჩემი ბრძოლა ვაჩვენო და ბოლომდე დავიხარჯო. ვიცი, რომ როცა ამ ყველაფერს ერთად შევკრავ და ამას გავაკეთებ, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია მიმდინარე კვირის უქმეებზე, კერძოდ კი შაბათს, აბუ-დაბიში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს