„ვფიქრობ, ამჯერადაც პიოტრი მოიგებს“ - ბისპინგის პროგნოზი დვალიშვილი-იანის ტრილოგიაზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩემპიონმა და ამჟამად, კომენტატორმა, მაიკლ ბისპინგმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა და განაცხადა, რომ მისი ვარაუდით გამარჯვებული კვლავ პიოტრ იანი იქნება.
რას ამბობს ბისპინგი:
„ვიცით, რომ ბოლო შეხვედრაში პიოტრ იანმა სრულიად სამართლიანად მოიგო. ის გაცილებით ეკონომიური იყო. მას მერაბ დვალიშვილივით ბევრი დარტყმა არ განუხორციელებია, მაგრამ მეტი მიზანში მიაყენა და პარტერშიც მეტჯერ გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი თეიქდაუნი არ უცდია, უფრო ეკონომიური იყო. ის ბრძოლაში უფრო წარმატებული იყო, სულ ესაა. სწორედ ამიტომ მოიგო“.
„როდესაც მერაბმა პიოტრს მოუგო, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ის ჩემპიონი გახდა და წელიწადში ოთხჯერ ბრძოლასა და ქამრის დაცვას ცდილობდა, რის გამოც გამოიფიტა. ეს უბრალოდ ფაქტია. ამას მის აქტიურობაზე არ უმოქმედია, მაგრამ ეს ფეთქებადობაზე მოქმედებს. მოქმედებს შენს გამარჯვების წყურვილსა და მოტივაციაზე. მერაბი თითქოს კრუიზ-კონტროლზე იყო“.
„ახლა მერაბს დასვენების დრო ჰქონდა. ის ამ შეხვედრას ენერგიით სავსე ხვდება. პიოტრ იანს ულამაზესი კრივი აქვს. ამ ორს შორის უკეთესი მოკრივე ის არის. მერაბ დვალიშვილი შესანიშნავი მოჭიდავეა და ის საკუთარ კარდიოს იარაღად იყენებს. ამ ბრძოლის პროგნოზირება ძალიან, ძალიან რთულია“.
„მიყვარს მერაბ დვალიშვილი, მაგრამ არჩევანი პიოტრ იანზე უნდა შევაჩერო. ვფიქრობ, ეს ბრძოლაც წინა შეხვედრის მსგავსი იქნება. უბრალოდ, უფრო დაძაბული. მერაბს მეტი წარმატება ექნება. ის მეტ თეიქდაუნს შეასრულებს, მაგრამ პიოტრ იანის კრივი სუფთაა და ის ამ დაპირისპირებას ფსიქოლოგიური უპირატესობით ხვდება, რადგან გასულ ჯერზე მან გაიმარჯვა. მგონია, რომ ამჯერადაც იანი მოიგებს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია მიმდინარე კვირის უქმეებზე, კერძოდ კი შაბათს, აბუ-დაბიში გაიმართება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს