„ლეიკერსის ფანებს აუცილებლად შეუყვარდებათ“ | დენი გრინმა სანდრო შეაქო
NBA-ის სამგზის ჩემპიონმა, დენი გრინმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსსა“ და გუნდის ახალ კალათბურთელებზე ისაუბრა. გრინის ყურადღების ცენტრში სანდრო მამუკელაშვილიც მოექცა და 39 წლის ყოფილმა კალათბურთელმა აღნიშნა, რომ „ლეიკერსის“ ფანებს ის აუცილებლად შეუყვარდებათ.
„ჩემი აზრით, ახალი ფუნდამენტის შექმნა ძალიან კარგი იდეაა. „ლეიკერსში“ განხორციელებულ ცვლილებებს გუნდის ხელახლა შენებას ვერ ვუწოდებთ, რადგან მათ კარგი კალათბურთელები გაიფორმეს, რომლებსაც შეუძლიათ, პარკეტზე გავიდნენ და მაღალ დონეზე ითამაშონ.
ძალიან მომწონს ის, რაც სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა. მან „სან ანტონიოში“ ითამაშა, შემდეგ კი „ტორონტოში“ გადავიდა. მამუკელაშვილი მომწონს და „ლეიკერსის“ ფანებს ის აუცილებლად შეუყვარდებათ. „მამუ“ სოლიდური მძიმე ფორვარდია, რომელსაც მეტოქის დაცვის გაწელვა შეუძლია. სანდროს კარგი სროლა აქვს, ათლეტურია და პარკეტზე მშვენივრად გადაადგილდება“.
დენი გრინი NBA-ის ჩემპიონი „სან ანტონიო სპურსთან“, „ტორონტო რეპტორსთან“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ერთად გახდა. 2013 წელს, „მაიამი ჰიტთან“ გადამწყვეტ დაპირისპირებაში მან რეკორდი დაამყარა — სუპერფინალური სერიის მატჩებში ჯამში ყველაზე მეტი, 27 სამქულიანი ჩააგდო. მოგვიანებით ეს რეკორდი სტეფ კარიმ მოხსნა, რომელმაც 2016 წელს 32 სამქულიანი გამოიყენა.