დიდი ბრძოლა, თოკოს გმირობა და რატის ბენეფისი - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 98:90 დაამარცხა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა დიდი ბრძოლა აჩვენა და პარკეტზე მყოფმა ყველა კალათბურთელმა მოგებისთვის მაქსიმუმი გააკეთა. საგულისხმოა, რომ თორნიკე შენგელიამ ოთხივე მეოთხედში შეუცვლელად ითამაშა და ქულების რაოდენობით ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. 40 წუთში თოკომ 26 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა რატი ანდრონიკაშვილს, რომელმაც მატჩი 20 ქულით დააგროვა. ამასთან, 1 მოხსნა, 1 ასისტი, 4 ჩაჭრა და 1 ბლოკიც მიითვალა. 22 ქულა ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც თავის მონაგარს 6 მოხსნა, 4 ასისტი და 2 ჩაჭრა შემატა.
13 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა მარკის რიდმა, 11 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა გოგა ბითაძეს. 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 ასისტი დუდა სანაძეს.
არადამაჯერებელი პირველი მეოთხედის შემდეგ, რომელიც ჩვენმა გუნდმა 24:16 დათმო, დარჩენილ მეოთხედებში მეტოქეს პრაქტიკულად შანსი არ დავუტოვეთ. მეორე მეოთხედი 25:18 მოვიგეთ, მესამე მეოთხედი 29:24, დასკვნითი მეოთხედი კი 28:24.
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სატურნირო ცხრილში 13 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე ასევე 13 ქულით ესპანეთის ნაკრებია, ჯგუფი კი საბოლოოდ უკრაინისა და მონტენეგროს მატჩის შემდეგ დაკომპლექტდება და ჩვენი გუნდის ზუსტი პოზიცია სწორედ ამ თამაშის შემდეგ გაირკვევა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მომდევნო შეხვედრებს ნოემბერში გამართავს. 26 ნოემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს მიიღებს.