„ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“ - ფიური MMA-ს მებრძოლების კრივში გადასვლაზე
ლეგენდარულმა ბრიტანელმა მოკრივემ, ტაისონ ფიურიმ ALF Global-თან ინტერვიუში MMA-ის მებრძოლების კრივის სამყაროში გადასვლაზე ისაუბრა.
მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი, პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ შერეული საბრძოლო ხელოვნების დიდმა ვარსკვლავებმა კარიერის ბოლოს გალია რინგით ჩაანაცვლონ.
ფიურიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ამ ორ კონტაქტურ სპორტს შორის არსებულ საზღვრებზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია – მებრძოლების უნარი, მიიზიდონ გულშემატკივრები:
„ვფიქრობ, თუ ისინი პოპულარულები და ცნობილები არიან, შეუძლიათ ნებისმიერ სხვა საბრძოლო სპორტში გადავიდნენ, რადგან დღეს ყველაფერი პოპულარობაზეა დამოკიდებული: რამდენ ბილეთს ყიდიან, რამდენ ნახვას აგროვებენ. „ვფიქრობ, ეს ორივე სპორტისთვის კარგია. ვფიქრობ, კარგია MMA-სთვის და კრივისთვის“, - განაცხადა „ბოშების მეფემ“ ALF Global-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ MMA-ის კარიერის დასრულების შემდეგ, ძალების მოსინჯვა კრივშიც სურს და რამდენიმე სახელოვანი მოკრივე გამოიწვია, მათ შორის ტერენს კროუფორდი, კანელო ალვარესი და სხვები.