დიეგო დეისაძე ტორპედოს ერთგულია | რატომ თქვა უარი ევროპულ ვარიანტებზე
კრისტალსპორტის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ქუთაისის ტორპედოს“ 21 წლის ფორვარდის, დიეგო დეისაძის მიმართ დიდი ინტერესი სლოვაკურმა „ჟილინამ“, უნგრულმა „დიორ ეტომ“ და რუსულმა „კრასნოდარმა“ გამოხატეს.
დიეგო ქუთაისელია, ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, პოლონეთში გატარებული წლების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. ქალაქისა და კლუბის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ფეხბურთელმა კლუბში დარჩენა სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა, რადგან კრიზისულ პერიოდში კლუბის დატოვება არ სურდა.
„კრასნოდარი“ სოლიდური თანხის გადასახდელად მზად იყო, თუმცა დიეგო რუსეთში თამაშის კატეგორიული წინააღმდეგია. მოთამაშის პოზიცია მისი წარმომადგენლისთვისაც ცნობილია, შესაბამისად, ყველაფერი მხოლოდ ინტერესად დარჩა და პროცესი აქტიურ მოლაპარაკებაში არ გადაზრდილა.
უნგრეთის ჩემპიონმა „დიორ ეტომ“ დიეგოს ტრანსფერზე სამი ოფიციალური წინადადება გააკეთა და ყოველი მომდევნო შეთავაზებისას პირობებს აუმჯობესებდა. მესამე ცდაზე უნგრული კლუბი ფორვარდის გამოსასყიდი თანხის გადასახდელადაც მზად იყო. ასეთ შემთხვევაში, „ტორპედო“ ტრანსფერს ვეღარ დაბლოკავდა.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია დეისაძესთან დაკავშირებით, მისი თამაშით პრაღის „სლავიას“ ერთ-ერთი სკაუტია მოხიბლული, რომელიც კლუბის ხელმძღვანელების დარწმუნებას ცდილობს, რომ ფსონი სწორედ ქართველ ფორვარდზე გააკეთონ. ჩეხური კლუბის მხრიდან ოფიციალური წინადადება ჯერ არ ყოფილა, თუმცა „სლავიაში“ მის მიმართ ინტერესი ნამდვილად არსებობს.
ასევე გეტყვით, რომ ფეხბურთელის წარმომადგენელი ქართველი მენეჯერი, FIFA-ს ლიცენზირებული აგენტი ზვიად დიდბერიძეა.
2026 წლის ზამთარში, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, დიეგო პოლონური „ტერმალიცადან'' „ტორპედოში'' გადავიდა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა (1487 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. საქართველოს თასის 3 შეხვედრაში (175 წუთი) 2 გოლი შეაგდო. ახლახანს, დიეგომ საქართველოს თასზე ბათუმის „დინამოს'' საოცარი გოლი გაუტანა.
ამ მომენტისთვის ეროვნულ ლიგაში „ტორპედო'' 31 ქულით მე-6 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ევროსეზონს, ის „ტორპედოსთვის“ წარუმატებელი გამოდგა — კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდმა „ზირასთან“ ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით, 0:3 დათმო.
„ტორპედოს'' კრიზისთან დაკავშირებით გულშემატკივართა კლუბმა „ჯუნგლებმა'' ოფიციალური განცხადება გააკეთა, გულშემატკივრებმა მთავარი მწვრთნელის გაშვება და კლუბში რადიკალური რეფორმების გატარება მოითხოვეს (იხილეთ).