ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

მოახდინეთ რადიკალური ცვლილებები | ჯუნგლები ტორპედოში რეფორმებს ითხოვენ

საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის'' გულშემატკივართა გუნდმა „ჯუნგლებმა'' ოფიციალური განცხადება გააკეთეს და კლუბში რადიკალური ცვლილებები მოითხოვეს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„5 წელია გენდობით, 5 წელია გვერდით გიდგავართ. მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს ზღვარი!!! ერთ წელზე მეტია ვამბობთ ერთსა და იმავეს რომ, შუსტერი ამ გუნდში შედეგს ვერ დადებდა. ამას თავიდანვე ვხედავდით, ვამბობდით და ხელმძღვანელობასაც არაერთხელ ვეუბნებოდით!!!

შუსტერი გერმანიაში მუშაობდა აუტსაიდერ გუნდებში, სადაც მისი მთავარი იარაღი იყო დაცვითი ფეხბურთი, მეორე ნომრად თამაში და შედეგის ნებისმიერ ფასად შენარჩუნება. ეს არის მისი საფეხბურთო ხელწერა და სტილი, მაგრამ „ტორპედო“ აუტსაიდერი არ არის!!! ქართულ ფეხბურთში, განსაკუთრებით კი იმ ფინანსური რესურსით, რაც ამ კლუბს რეალურად აქვს, „ტორპედო“ არავისთან უნდა გამოდიოდეს მეორე ნომრად, არ უნდა თამაშობდეს შიშით და მით უმეტეს, არ უნდა გვაჩვენებდეს უფანტაზიო, უღიმღამო და არასანახაობრივ ფეხბურთს.

ვერ დაგვაჯერებთ, რომ მწვრთნელი, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ერთ სტილს მისდევდა, უცებ რადიკალურად შეიცვლებოდა. მისი მოსვლის პირველივე ტურებიდან გამოჩნდა, თუ რა ფეხბურთის თამაშსაც აპირებდა. მაგრამ თქვენ თავი მოიტყუეთ!! და იმაზე მეტი დრო მიეცით ვიდრე იმსახურებდა.

როცა მწვრთნელით უკმაყოფილოა ფეხბურთელი, გულშემატკივარი და მთელი ქალაქი, როცა მის გუნდს არ აქვს არც ხასიათი, არც იდეა, არც პროგრესი და არც შედეგი, და ამ ყველაფრის ფონზე მისი აქ ყოფნა არავის ახარებს ასეთ გარემოში წარმატებას ვერავინ მიაღწევს!!! ახლა კი იქამდე მივედით, რომ გუნდი დემორალიზებული, დაშლილი და ფსიქოლოგიურად გატეხილია. ჩემპიონობაზე და ევროტურნირებზე საუბარი კიარა ამ მდგომარეობაში მყოფ „ტორპედოს“ გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა!!! ახლა როცა უკვე მერამდენედ, თქვენი ვარაუდები ისევ მცდარი აღმოჩნდა და მოროგი სეზონიც საბოლოოდ ჩავარდა ამ ეტაპზე ამ თემის დეტალების განხილვას ნაკლებად აქვს აზრი მაგრამ, სეზონის დასრულების შემდეგ, როცა ყველა ერთად დავსხდებით და ყველაფერს გავაანალიზებთ, უბრალოდ ლამაზი სიტყვები აღარ დაგვაინტერესებს. იქ უნდა დაიდოს კონკრეტული გეგმები და გარანტიები, რომ კლუბში რადიკალური ცვლილებები განხორციელდება.

და არა მხოლოდ მწვრთნელის ცვლილება. მწვრთნელი აუცილებლად გასაშვებია თუმცა პრობლემა მხოლოდ მასში არაა და ამას ყველა კარგად ვხედავთ.. ხუთი წლის განმავლობაში გენდობოდით. გვერდით გედექით. თქვენს მიმართ არანაირი პროტესტი არ გვქონდა, რადგან ვხედავდით და ვაფასებდით იმ კარგ საქმეებს, რაც კლუბში კეთდებოდა, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: თუ შედეგი არ გვაქვს, ყველაფერს დანარჩენს ჩვენთვის მნიშვნელობა ეკარგება. არ გვჭირდება მხოლოდ გარემონტებული ბაზა. არ გვჭირდება მხოლოდ ახალი სავარჯიშო და სამედიცინო ინფრასტრუქტურა. არ გვჭირდება მხოლოდ კლუბის მაღაზია. არ გვჭირდება მხოლოდ მაღალი ხელფასები და ძვირადღირებული ფეხბურთელები. ჩვენ გვჭირდება ძლიერი საფეხბურთო გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ტიტულებს იგებს!!! ჩვენ გვჭირდება „ტორპედო“, რომლის თამაშითაც ვიამაყებთ!!! ჩვენ გვჭირდება გუნდი, რომელიც მოედანზე ბოლომდე იხარჯება!!! ჩვენ გვჭირდება შედეგი!!! ეს არის მთავარი და არა ლამაზი შეფუთვა შედეგის გარეშე!!!

ამიტომ დროა მოეშვათ ღრუბლებში ფრენას და დაეშვათ მიწაზე. გადახედეთ, სად დაუშვით შეცდომები და თან აღიარეთ ეს შეცდომები. მოუსმინეთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ამ კლუბის წარმატება რეალურად უნდათ და მოახდინეთ რადიკალური ცვლილებები, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა!!!

და კიდევ ერთი რამ, არც ფეხბურთელების მონდომებითა და თამაშით ვართ კმაყოფილები!!! არ იგრძნობა ბევრ მათგანში, რომ ისინი თამაშობენ ამ კლუბისთვის, ამ ლოგოსთვის, ამ ფერებისთვის, ამ ქალაქისთვის და ამ გულშემატკივრისთვის. თუმცა ახლა, როცა მთელი პასუხისმგებლობა მწვრთნელზეა გადატანილი, დაველოდებით მის წასვლას და ახალი მწვრთნელის მოსვლას. ამის შემდეგ კი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს მოვითხოვთ. ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, „ტორპედოს“ მაისური უბრალოდ სამუშაო ტანსაცმელი არაა. ამ მაისურს ისტორია აქვს. ამ ფერებს მნიშვნელობა აქვს. ამ ლოგოს უკან დგას ქუთაისი. და ამ გუნდის უკან დგას ხალხი, რომელიც წლებია მის გვერდითაა. „ტორპედო“ ფულის საჭრელი მანქანა არ არის!!! „ტორპედო“ არ არის ვიღაცის პირადი ბიზნესი!!! „ტორპედო“ არ არის ადგილი, სადაც ვიღაც საკუთარი ინტერესების გასატარებლად მოვა და წავა!!! „ტორპედო“ არის კლუბი, რომელსაც უდიდესი ისტორია, ტრადიცია და გულშემატკივარი უმაგრებს ზურგს.

სანამ ჩვენ აქ ვართ, არავის მივცემთ უფლებას ეს კლუბი საკუთარ ბიზნესად აქციოს!!! ბევრი აღარ დარჩა. მალე დასრულდება ეს კატასტროფული სეზონიც. და ახალი სეზონიდან ჩვენ ერთ რამეს ველოდებით: რადიკალურ ცვლილებებს. არა დაპირებებს. არა სიტყვებს. არა კიდევ ერთ „დრო გვჭირდება“-ს. არამედ საქმით დამტკიცებულ ცვლილებებს!!! და თუ ასე არ მოხდა, მოგვიწევს გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა. არ გვიხარია დაპირისპირება, არც პროტესტი, არ გვინდა კლუბთან ბრძოლა რომელიც ჩვენთვის მეორე ოჯახია!!! ჩვენ გვინდა „ტორპედოს“ წარმატება. მაგრამ ჩვენი მოთმინებაც უსასრულო არაა!!''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები