გოგა ბითაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ალექსანდარ ჯიკიჩი, მარკის რიდი
Aa
Aa

„სწორედ ასე თამაშობენ კარგი გუნდები“ - პორტუგალიელებმა საქართველო შეაქეს

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 98:90 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიო გომეშმა და კალათბურთელმა, ნიმიას კეტამ განვლილი მატჩი შეაფასეს.

მარიო გომეში:

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს. მათ ჩვენზე ბევრად უკეთ ითამაშეს. აჩვენეს, რომ ჩვენზე უფრო მოწიფული და შეკრული გუნდია - ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე იყო. მათ სრულად აკონტროლეს თამაში. მაშინაც კი, როცა ანგარიშში წინ ვიყავით, ისინი მუდმივად ინარჩუნებდნენ კონტროლს და ძალიან სუფთად, გუნდურად თამაშობდნენ. ასე რომ, ვულოცავ მათ. მათ ეს გამარჯვება სრულად დაიმსახურეს.

რაც შეგვეხება ჩვენ, ვფიქრობ, ვინც ანგარიშს შეხედავს და დაინახავს, რომ 98 ქულა მივიღეთ, შეიძლება იფიქროს, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა დაცვა იყო. თუმცა, ჩემი აზრით, ასე არ არის. ჩვენი მთავარი პრობლემა თავდასხმა იყო. მიღებული ქულების დიდი ნაწილი შეტევაში ჩვენი ცუდი გადაწყვეტილებებისა და არასწორი შესრულების შედეგი გახლდათ. შეტევაში მოთმინება არ გვეყო. ისე არ გვითამაშია, როგორც გუნდს სჩვევია. ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, კომბინაციები ბოლომდე თითქმის არ მიგვყავდა.

თუ სტატისტიკას შევხედავთ, ციფრებიც ზუსტად ამას აჩვენებს. ორქულიანებიდან 74% ჩავაგდეთ, სამქულიანებიდან კი მხოლოდ 29%. ძალიან კარგი პროცენტი ორქულიანებიდან და ძალიან ცუდი - სამქულიანებიდან. თანაც, იმდენივე სამქულიანი ვისროლეთ, რამდენიც ორქულიანი. ეს ნიშნავს, რომ არ გვეყო მოთმინება გვეპოვა გზები, თუ საიდან შეგვეძლო საქართველოს ნაკრებისთვის რეალური ზიანის მიყენება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ პერიმეტრიდან ასე ცუდად ვისროდით. ამას გარდა, 19 დაკარგვა - რომელთა უმეტესობასაც პირდაპირ მოჰყვა მიღებული ქულები - ძალიან ბევრია და ეს იყო ჩვენი მთავარი პრობლემა.

ასევე, ძალიან ცუდად ვმართავდით ჯარიმებს. ბევრი არასაჭირო, სულელური ჯარიმა ავიღეთ, მათ შორის ბევრი ენდ-ვანი. ტაიმის დასრულებისას, მათი ქულების თითქმის ნახევარი საჯარიმო ხაზიდან იყო მოპოვებული.

ვფიქრობ, რომ ამის მთავარი მიზეზი მღელვარება იყო. გუნდს სურდა მოგება. გუნდის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს - არც მონდომების, არც ინტენსივობის და არც გუნდური სულისკვეთების კუთხით, არაფერზე. მაგრამ მღელვარება ვერ გავაკონტროლეთ, რადგან ესპანეთში გამარჯვების შემდეგ, დღევანდელი მოგება ნიშნავდა, რომ რაღაც ძალიან დიდ მიზანთან ახლოს ვიყავით. ემოციების მართვა ვერ შევძელით. ვფიქრობ, სწორედ ეს მოხდა. და რა თქმა უნდა, როცა გუნდში ასეთი რამ ხდება, პასუხისმგებელი მწვრთნელია. ასეა ეს. თამაშზე ძირითადად ეს მაქვს სათქმელი.

ნიმიას კეტა:

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს. ისინი უფრო სტაბილური გუნდი იყვნენ. შეძლეს ჩვენზე დიდი წნეხის განხორციელება, რამაც ბევრი დაკარგვა გამოიწვია და მათ ამით კარგად ისარგებლეს.

ვგრძნობ, რომ შეგვეძლო შეტევაში ცოტა უფრო მომთმენები ვყოფილიყავით, მეტად გამოგვეყენებინა ჩვენი ძლიერი მხარეები და მათგან სათანადო სარგებელი მიგვეღო. მაგრამ ეს კალათბურთია. ასეთი რაღაცები ხდება და უნდა შეგვეძლოს წინსვლა და ჩვენს შეცდომებზე სწავლა. ვფიქრობ, ეს სამყაროს დასასრული არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით. ვიმედოვნებ, მომდევნო რამდენიმე სანაკრებო ფანჯრის განმავლობაში შევძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას.

ასევე ვფიქრობ, რომ ისინი ყველაზე სტაბილური გუნდი იყვნენ მოედნის ორივე მხარეს (შეტევასა და დაცვაში). ფარზე საკმაოდ კარგად ითამაშეს. მაშინაც კი, როცა პირველ მეოთხედში ვიგებდით, მათ შეძლეს თამაშში დარჩენა. შეძლეს საჯარიმო ხაზზე დადგომა და ამ საჯარიმო სროლების ჩაგდება. სწორედ ამას აკეთებენ კარგი გუნდები. საბოლოო ჯამში, ამისგან უნდა ვისწავლოთ. შეგვიძლია მაგალითი ავიღოთ ამ ბიჭებისგან - ვისწავლოთ ჩამორჩენისას თამაში, სტაბილურობის შენარჩუნება და თამაშის შემოტრიალება.

ასევე ვგრძნობდი, რომ ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში მაინც ვაგრძელებდით ბრძოლას. შევძელით სხვაობის შემცირება და მიზანთან საკმაოდ ახლოს ვიყავით. მაგრამ როცა ასე გვიან, ასეთი დიდი სხვაობით აგებ, ეს უკვე სასწაულის მოლოდინს ჰგავს, სასწაულები კი ხშირად არ ხდება. ასე რომ, უნდა ვისწავლოთ ამ თამაშიდან და განვაგრძოთ გზა ნოემბრის ფანჯრისთვის.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სატურნირო ცხრილში 13 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე 14 ქულით უკრაინის ნაკრებია, მეორეზე ესპანეთი, მეოთხეზე პორტუგალია, მეხუთეზე საბერძნეთი და ბოლო, მე-6 ადგილზე მონტენეგრო.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მომდევნო შეხვედრებს ნოემბერში გამართავს. 26 ნოემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული ამოცანა გვქონდა, მაგრამ გამარჯვების გზა ვიპოვეთ“ - ჯიკიჩის და ანდრონიკაშვილის კომენტარები
„რთული ამოცანა გვქონდა, მაგრამ გამარჯვების გზა ვიპოვეთ“ - ჯიკიჩის და ანდრონიკაშვილის კომენტარები