რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

„რთული ამოცანა გვქონდა, მაგრამ გამარჯვების გზა ვიპოვეთ“ - ჯიკიჩის და ანდრონიკაშვილის კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 98:90 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩმა და რატი ანდრონიკაშვილმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

ალეკსანდარ ჯიკიჩი:

პირველ რიგში, ვულოცავ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს. ძალიან რთული და ძლიერი მეტოქეა. მათ გაცილებით მეტი ნიჭი აქვთ, ვიდრე ხალხს ჰგონია. ვფიქრობ, დრო სჭირდება ყველას იმის გასააზრებლად, რომ არ არის ადვილი ესპანეთის, საბერძნეთის და სხვა მეტოქეების დამარცხება. ჩვენ ვუყურებდით მათ თამაშებს და ისინი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ. შემდეგ კი, იმ გუნდს, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ვუყურებდით, დაუმატეს სასტარტო „მაღლები“ - კეტა, რომელიც ყველამ ვიცით ვინც არის, და ის ახალგაზრდა ბიჭი „სენტ-ჯონსიდან“. ეს ამ გუნდისთვის სერიოზული გაძლიერებაა, გამოცდილ მცველებთან და უილიამსისნაირ მექულეებთან ერთად.

ასე რომ, ჩვენი ამოცანა დღეს ძალიან რთული იყო. ვიპოვეთ გზა, თუ როგორ უნდა გადავრჩენილიყავით. მადლობა ჩემს მოთამაშეებს. ხალხო, შენგელია პარკეტზე 40 წუთი მყავდა. ჩემი წამყვანი მოთამაშეების წუთებს თუ შეხედავთ, ყველამ დიდი დრო გაატარა მოედანზე და ვფიქრობ, ეს ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზია.

რატი ანდრონიკაშვილი:

კარგად ვითამაშეთ, ბევრი არაფერია სათქმელი. გავაკეთეთ ის, რაც მწვრთნელმა დაგვავალა და თამაში მოვიგეთ. ვულოცავ მწვრთნელს, ჩვენს მოთამაშეებს და სრულიად საქართველოს. ძალიან ვამაყობ ბიჭებით და ყველათი.

უბრალოდ მინდა მადლობა გადავუხადო იმ 15 ბიჭს, ვინც ჩვენთან ერთად იყო და აი ამ კაცს ჩემ გვერდით [მწვრთნელს], რომელიც არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემ მიმართ ნდობას ინარჩუნებს. მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ამის ნახევარი მაინც გავამართლო, რათა ეს ნდობა შევინარჩუნო, ხვდებით რასაც ვგულისხმობ? ჩემს საქმეს ვაკეთებ და ეგ არის. ქულები არ მაინტერესებს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, მოგებაა. უბრალოდ, არის ხალხი ვისაც ჩემი სჯერა - ძალიან ცოტას - და მეც მათ ვუბრუნებ ამ ნდობას, სულ ეს არის. ქულები არ მაინტერესებს, მთავარია, რომ გავიმარჯვეთ.

ალეკსანდარ ჯიკიჩი:

თქვენთვის, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებთ - ანდრონიკაშვილი თავისუფალია [უკლუბოდაა]. ასე რომ, იმოქმედეთ!

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სატურნირო ცხრილში 13 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე ასევე 13 ქულით ესპანეთის ნაკრებია, ჯგუფი კი საბოლოოდ უკრაინისა და მონტენეგროს მატჩის შემდეგ დაკომპლექტდება და ჩვენი გუნდის ზუსტი პოზიცია სწორედ ამ თამაშის შემდეგ გაირკვევა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მომდევნო შეხვედრებს ნოემბერში გამართავს. 26 ნოემბერს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ბრძოლა, თოკოს გმირობა და რატის ბენეფისი - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა
დიდი ბრძოლა, თოკოს გმირობა და რატის ბენეფისი - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა