„რატიმ გამთამაშებლის დანაკლისი შეგვივსო“ - ტუღუშმა მატჩი შეაფასა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა რამდენიმედღიან ინტერვალში ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო. მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულმა კრებულმა ჯერ თბილისში მონტენეგროელებს აჯობა, ხოლო დღეს პორტუგალიელები მათსავე დარბაზში დაამარცხა, რითაც სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიუმჯობესა. განვლილი შეხვედრების შეფასება ვეტერან კალათბურთელსა და ამჟამად „ქუთაისის“ დამრიგებელს კოტე ტუღუშს ვთხოვეთ, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესო ანალიზი გააკეთა.
კოტე ტუღუში
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავ - საქართველოს ნაკრებმა დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან მაგარი ორი მატჩი ჩაატარა, რისი მოლოდინიც პირადად მე ნამდვილად მქონდა. ამის პირველი მიზეზი რა თქმა უნდა ის იყო, რომ უძლიერესი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი, რაც ბოლო პერიოდში იშვიათი შემთხვევაა. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი ალბათ უფრო ის ფაქტი გახლდათ, რომ სამწვრთნელო შტაბს საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა საიმისოდ, რომ გუნდი ამ თამაშებისთვის კარგად მოემზადებინა, რასაც საზაფხულო შესვენებამ ხელი შეუწყო.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიასთან არცთუ ისე კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ, მაინც მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება და შემდეგ უკვე დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. რაც შეეხება მოთამაშეებს, მაინც გამოვყოფდი თორნიკე შენგელიას, რადგან მან სწორად წაიყვანა თამაში. ამას მარტო თორნიკეზე კი არა, პრინციპში ყველაზე ვიტყოდი, რამეთუ ძალიან გუნდურად ვითამაშეთ, ბურთიც კარგად მოძრაობდა პერიმეტრზე და სასროლ პოზიციასაც იოლად ვპოულობდით, სამწამიანშიც იხსნებოდა თამაში და ძალიან კარგი ბალანსი შეიქმნა.
იქიდან გამომდინარე, რომ სანდრო მამუკელაშვილმა ისტორიული კონტრაქტი გააფორმა საკლუბო დონეზე, რა თქმა უნდა ეს მისთვის სტიმული იქნებოდა და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მისი თამაშით. რატი ანდრონიკაშვილს მივულოცავ ასეთ წარმატებულ გამოსვლას, უმაღლეს დონეზე ჩაატარა ორივე მატჩი როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და წლების განმავლობაში არსებული გამთამაშებლის დანაკლისი შეგვივსო. დიდი წვლილი მიუძღვის მოგებაში გოგა ბითაძეს - მისი ქულებისა და მოხნების უკან საკმოდ უდიდესი მოცულობის შავი სამუშაოა, რომელიც საკუთარ თავზე აიღო.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო სანაკრებო ფანჯარა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ გუნდს ნოემბერში ექნება, სადაც უკვე NBA-ს მოთამაშეები ვეღარ დაეხმარებიან. 26 ნოემბერს ქართველი კალათბურთელები სტუმრად საბერძნეთთან იასპარეზებენ, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებენ.