ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

„კარგი იქნება, თუ უნგრეთთან და საქართველოსთან არ წავაგებთ“ - უკრაინელი ექსპერტი

წარსულში ცნობილმა უკრაინელმა ფეხბურთელმა, ხოლო შემდგომში მწვრთნელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ოლეგ ფედორჩუკმა Sport.ua-სთან საუბარში განაცხადა, თუ რას ელის ერთა ლიგის სასტარტო მატჩებში უკრაინის ეროვნული ნაკრების იმ წამყვანი ფეხბურთელებისგან, რომლებსაც ამჟამად საკლუბო დონეზე სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ.

ფედორჩუკი პესიმისტურად არის განწყობილი და უკრაინის ნაკრებისთვის რთულ მატჩებს პროგნოზირებს.

„მთავარი მწვრთნელი ანდრეა მალდერა ახლა რთულ მდგომარეობაშია და ძნელია მისი შეგშურდეს. უკვე სექტემბრის ბოლოს უნგრეთთან და საქართველოსთან საპასუხისმგებლო მატჩებია ჩასატარებელი, მას კი არ შეუძლია იმედი ჰქონდეს ცნობილი ფეხბურთელების მთელ ჯგუფზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მოედანზე ვერ გადიან.

იუხიმ კონოპლიას ტრავმისა და საკლუბო დონეზე ოლექსი სიჩის ჩავარდნის შემდეგ - მარჯვენა მცველის პოზიციაზე ყველაზე მეტად გვიჭირს. ვფიქრობ, მალდერამ უნდა გარისკოს და ილია კრუპსკი მიიწვიოს, რომელიც „ხარკოვის“ ერთ-ერთი ლიდერია. მან თავი უნდა გაართვას. ასევე შეშფოთებას იწვევს საკითხი, თუ ვინ ითამაშებს შეტევის წინა ხაზზე. რომან იარემჩუკი საერთოდ უცნობია სად არის, ვლადისლავ ვანატი ცუდ სპორტულ ფორმაშია, არტიომ დოვბიკი კი „ბოლონიაშიც“ როტაციის მოთამაშედ იქცა. საერთოდ, უყურებ არტიომს და მაშინვე თავში გიტივტივდება შედარება მომღერალთან, რომელსაც ხმა აქვს, რეპერტუარი კი არანაირი. და თუ დოვბიკი თამაშს მრავალფეროვნებას არ შემატებს, რეგრესი არ შეჩერდება. როგორც ხედავთ, მხოლოდ მატვეი პონომარენკო რჩება, მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. სამწუხაროა.

უნგრეთთან სავარაუდოდ ამ შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ: რიზნიკი, კრუპსკი, ზაბარნი, სარაპიი, მიკოლენკო, ციგანკოვი ან ნაზარენკო, იარმოლიუკი, ოჩერეტკო, მალინოვსკი, სუდაკოვი, პონომარენკო.

რაც შეეხება მუდრიკს, მე რეალისტი ვარ და ამისი არ მჯერა. მუდრიკს სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახებენ, თუმცა მას აღსადგენად დრო სჭირდება.

ამ ყველა პრობლემის გათვალისწინებით, უნგრეთთან და საქართველოსთან მატჩებში ძალიან კარგი იქნება, თუ არ წავაგებთ“.

- განაცხადა ფედორჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებას 25 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან (20:00) მატჩით დაიწყებს. 28 სექტემბერს კი ასევე „დინამოზე“ უკრაინას (20:00) უმასპინძლებს. 2 ოქტომბერს უნგრეთში (22:45) გასვლითი მატჩი იქნება, 5 ოქტომბერს კი სანაკრებო პაუზა ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან (22:45) შეხვედრით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები