იოჰან ბოსკამპი
Aa
Aa

პირადი მცველი, მურა დათვი და სხვა ამბები | იოჰან ბოსკამპმა საქართველო გაიხსენა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „დინამო თბილისის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იოჰან ბოსკამპმა, ბელგიურ HBVL-ს ინტერვიუ მისცა. „იბერია 1999“ კონფერენს ლიგაზე პირველ შეხვედრას ადგილობრივ „სენტ-ტრიუდენთან“ გამართავს და ბოსკამპმა ქართული ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს ნაკრები

„იქ ვიყავი და ამ საქმის კეთებით მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე. იმ პერიოდში საქართველოს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავდა: ძმები არველაძეები, კალაძე, კობიაშვილი, ყაველაშვილი და სხვები. იმ დროს მათ „კავკასიელ ბრაზილიელებს“ ეძახდნენ და ისინი ევროპაში თამაშობდნენ. შესაბამისად, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში ჩავდიოდი და მათ ვაკვირდებოდი, რაც ძალიან მსიამოვნებდა“.

რა ახსოვს საქართველოსა და ქართველ ხალხზე

„საბჭოთა კავშირიდან ახალი გამოსული ქვეყანა იყო. სასტუმროში ვცხოვრობდი, უნივერსიტეტის პირდაპირ. ფანჯრიდან რომ ვიყურებოდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს აშშ-ში ვიყავი, რადგან ახალგაზრდობა ყველაფერ ამერიკულს აკოპირებდა. ქვეყანა თავისუფალი იყო, მაგრამ საბჭოთა წარსულის აჩრდილი მაინც იგრძნობოდა.

ხალხის უმრავლესობას არაფერი გააჩნდა, თუმცა, ამავდროულად, საკუთარი ქვეყნითა და კულტურით უზომოდ ამაყობდა. საბჭოთა ეპოქაში საკუთარ ენაზე ლაპარაკის უფლებასაც არ აძლევდნენ. ახალგაზრდა თაობა თავს თავისუფლად გრძნობდა, მოხუცები კი დაბნეულები იყვნენ. იოსებ სტალინის დაბადების ადგილის სანახავადაც ვიყავი ჩასული. მანამდე არ ვიცოდი, რომ სტალინი ქართველი იყო. დღემდე არ ვიცი, მას გმირად მიიჩნევენ თუ ცუდ ადამიანად. იმ დროს ამაზე ღიად ლაპარაკს ვერავინ ბედავდა. ამდენი წლის შემდეგაც კი, საბჭოთა სისტემის გამო ეშინოდათ“.

პირადი მცველი, რომელიც საქართველოში ჰყავდა

„საქართველოში პირადი მცველი მყავდა, ოტო — ძალიან მაგარი კაცი. ჭიდაობაში ყოფილი ჩემპიონი იყო. მანქანით დამატარებდა და ერთი წამითაც არ მშორდებოდა. ეს აუცილებლობა იყო. სასტუმროდან სავარჯიშო მოედნისკენ მიმავალ გზაზე პოლიცია საშუალოდ ორი-სამჯერ მაინც გვაჩერებდა. ხელგაწვდილები იდგნენ და ხურდა უნდა მიგვეცა, თუმცა ვერაფერში დავადანაშაულებ, ქვეყანაში დიდი სიღარიბე იყო“.

აკლდა თუ არა საქართველოში რამე

„არა, საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა. თავიდან კარგ სასტუმროში ვცხოვრობდი, მერე კი პატარა ბინაც გამომიყვეს. გარეთ გასვლებიც ნამდვილი თავგადასავალი იყო. პირველად რესტორანში რომ შევედით, მეტალოდეტექტორში გავიარე. მახსოვს, გვერდით გავიხედე და იარაღებით სავსე ყუთი დავინახე. კალაშნიკოვები, შაშხანები, პისტოლეტები... ვერ დავიჯერე, რას ვუყურებდი. თუმცა, როგორც ჩანს, იქ ასეთი წეს-ჩვეულება ჰქონდათ“.

მურა დათვთან შეხვედრა

„ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა, სადაც მურა დათვები ბინადრობდნენ. ერთ დღესაც, ერთ-ერთი მათგანი კომპლექსის ტერიტორიაზე შემოვიდა. უეცრად, პირდაპირ ჩვენს სავარჯიშო მოედანზე დათვი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ცხოველის დაჭერა და გალიაში ჩასმა შეძლეს, რის შემდეგაც ვარჯიში გავაგრძელეთ“.

ცნობისთვის, ბოსკამპმა საქართველო მალევე დატოვა და 2000 წელს „გენკი“ ჩაიბარა, შემდეგ კი „ალ-ვასლში“, „კაზმაში“, „სტოკ სიტიში“, „სტანდარდში“, „დენდერსა“ და „ბევერენში“ მუშაობდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გამოუყენებელი მომენტების გამო დავისაჯეთ“ - ქოჩორაშვილი ლევანტესთან მატჩზე
    „გამოუყენებელი მომენტების გამო დავისაჯეთ“ - ქოჩორაშვილი ლევანტესთან მატჩზე